ორშაბათი, აპრილი 23, 2018
   
Text Size

საქართველო უნიკალური გეოპოლიტიკური კოდის მატარებელი ქვეყანაა

საქართველო უნიკალური გეოპოლიტიკური კოდის მატარებელი ქვეყანაათურქულ-სომხური ურთიერთობების აღდგენის შემდეგ, სავარაუდოდ, თუ როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები კავკასიაში, რა გავლენას მოახდენს ანკარასა და ერევანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა საქართველოს ადგილზე კავკასიაში დაბ ასევე იმაზე, იმოქმედებს თუ არა თურქეთ-სომხური ურთიერთობების გაუმჯობესება საქართველოს გავლით დაგეგმილი ენერგომატარებლების მარშრუტების შეცვლაზე, "ინტერპრესნიუსი" გეოპოლიტიკურ კვლევათა ცენტრის ხელმძღვანელს თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.

- ბატონო თენგიზ, რას ითვალისწინებს თურქულ-სომხური შეთანხმება?

- საუბარია ორ ოქმზე - თურქეთსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების შესახებ. ორივე დოკუმენტი ხელმოწერის შემდეგ გადაეცემა თურქეთისა და სომხეთის პარლამენტებს და რატიფიკაციის შემდეგ შეიძენს საერთაშორისო ხელშეკრულების ძალას.
ოქმებში ხაზგასმულია `სუვერენიტეტის, სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩაურევლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის~ პრინციპები. აღნიშნულია მხარეთა მოვალეობა, `ერთგულნი დარჩნენ საკუთარი ვალდებულებისა, თავი შეიკავონ ისეთი პოლიტიკის გატარებისგან, რომელიც არ შეესაბამება კეთილმეზობლური ურთიერთობების სულისკვეთებას~.
გარდა ამისა, მხარეები ადასტურებენ საკუთარ ნებას, `მშვიდობიანი და საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების შესაბამისად დაარეგულირონ რეგიონალური და ეროვნებათაშორისი კონფლიქტები~ და იღებენ ვალდებულებას `მოახდინონ ორ ხალხს შორის ისტორიულ სიბრტყეში დიალოგის რეალიზება, რაც მიმართული იქნება ურთიერთნდობის აღდგენისკენ, მათ შორის ისტორიული დოკუმენტებისა და არქივების დაუბრკოლებელი სამეცნიერო შესწავლისაკენ, არსებული პრობლემების დაზუსტებისა და წინადადებების ფორმულირებისაკენ~.
სწორედ ეს დებულებები გახდა იმის მიზეზი, რომ დოკუმენტებმა სომხურ პოლიტიკურ წრეებსა და დიასპორაში დიდი ვნებათაღელვა და წინააღმდეგობები გამოიწვია. დიასპორის წარმომადგენლები, ისევე, როგორც სომხეთის გარკვეული პოლიტიკური წრეები მიიჩნევენ, რომ ზემოხსენებული დებულებები ხელს შეუშლის გენოციდის აღიარებასა და ყარაბაღის პრობლემის ერევნის სასარგებლოდ გადაწყვეტას. მით უმეტეს, რომ თავად ოქმებში არაფერია ნათქვამი თვითგამორკვევის უფლებაზე.

_ თქვენი აზრით, ანკარა-ერევნის დაახლოება რა გავლენას იქონიებს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაზე?

_ რამდენიმე დღის წინ თურქეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ დოკუმენტებზე ხელმოწერას ყარაბაღის პრობლემას არ დაუკავშირებს. ამით ანკარამ სერიოზული მხარდაჭერა გამოუცხადა ოფიციალურ ერევანს და დოკუმენტებზე ხელმოწერის მთავარი წინააღმდეგობა მოხსნა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 6 ოქტომბერს პრეზიდენტმა ობამამ სერჟ სარგსიანთან საუბარში აღნიშნა, რომ `ხელმოწერა და სომხეთისა და თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უნდა წარიმართოს და არ უნდა იქნას დაკავშირებული ყარაბაღის პრობლემასთან~. თუმცა, ეს ყოველივე უფრო სასურველი ანტურაჟის შესაქმნელად გადადგმულ ნაბიჯებს უფრო ჰგავს, რაც სრულიად არ ნიშნავს, რომ თურქეთი რამენაირად ემიჯნება ყარაბაღის პრობლემატიკას.
აზერბაიჯანი თურქეთისათვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ ორი ხალხის ენობრივ, რელიგიურ და ეთნიკურ კავშირებზე. ამდენად, ანკარა ყოველ ღონეს იხმარს, რათა მისმა დაახლოებამ სომხეთთან არ გამოიწვიოს ოფიციალურ ბაქოსთან ურთიერთობების გაუარესება (მით უმეტეს, რომ ბაქო ამ პროცესს საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს). ასე რომ, ყარაბაღის თემის გვერდის ავლა ყოვლად წარმოუდგენელია. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ორივე დოკუმენტი შეიცავს დებულებებს, რომლებიც პირდაპირ შეიძლება აისახოს ყარაბაღის პრობლემის მოგვარებაზე. ეს კარგად ესმით ერევანშიც, მაგრამ როგორც სერჟ სარგსიანმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, სომხეთს თურქეთთან მომავალი ურთიერთობების შუქ-ჩრდილები კარგად აქვს გათვითცნობიერებული და ერევანი მზადაა `გადაიხადოს წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით~ (платить по счетам).

_ თქვენი აზრით, ანკარასა და ერევანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შემდეგ, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება შეიცვალოს კავკასიაში პოლიტიკური ლანდშაფტი და რამდენად რეალურია საუბარი იმაზე, რომ რუსეთმა შესაძლოა სომხეთი, როგორც სტრატეგიული მოკავშირე დაკარგოს?

_ ასეთი პროცესები ყოველთვის აისბერგს ჰგავს და ზედაპირზე მხოლოდ პატარა ნაწილი ჩანს. უკვე ცხადია, რომ იქმნება ახალი გეოპოლიტიკური რეალობა. ირღვევა ის ჩაკეტილი სივრცე, რომელშიც სომხეთი ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში იმყოფება. ამასთან ერთად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს მოლაპარაკებები გუშინ არ დაწყებულა. მართალია, მათ შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ერთი წლის წინ გავრცელდა, მაგრამ პროცესი რეალურად დიდი ხანია მიმდინარეობს. მასში სომხეთისა და თურქეთის გარდა სხვა `მოთამაშეებიც~ არიან ჩართულები, მათ შორის რუსეთი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ე.წ. `სტაბილურობის პლატფორმა~ ერდოღანმა პირველად სწორედ მოსკოვში გააჟღერა. სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო პოლიტიკის ორი გეოსტრატეგიული ვექტორი კვეთს ერთმანეთს: დასავლეთ-აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ-სამხრეთის. კრემლი სერიოზულად ფიქრობს თავის დროზე მისივე ძალისხმევით შექმნილი ღერძის მოსკოვი-ერევანი-თეირანის მოდერნიზაციაზე. ისიც გასათვალისწინებელია, რომ რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობები ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ინტენსიურად ვითარდება. კრემლი არაორაზროვნად მიანიშნებს თურქეთს, რომ იგი მზადაა მრავალი პრობლემა, მათ შორის სამხრეთ კავკასიის ზოგიერთი საკითხებიც მოსკოვისა და ანკარის `შიდა სამზარეულოში~ განსახილველ თემებად აქციოს. თავისთავად ეს აგულიანებს თურქეთს, საკუთარ ამბიციებში გადაიქცეს ე.წ. `ევრაზიული ბალკანეთის~ უძლიერეს მოთამაშედ. ერთი სიტყვით, საქმე გაცილებით უფრო სერიოზულ პროცესებთან გვაქვს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.
თავად სომხეთის ეკონომიკა, სტრატეგიული ობიექტები, თავდაცვის სისტემები და ა.შ. მთლიანად რუსეთის კონტროლის ქვეშაა მოქცეული. გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზაა განთავსებული. მოსკოვი აქტიურადაა ჩართული ყარაბაღის ირგვლივ მიმდინარე პროცესებში. გავიხსენოთ თუნდაც `მოსკოვის დეკლარაცია~. სომხეთი რჩება კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრად. 14 ივნისს ამ ორგანიზაციამ ოპერატიული რეაგირების კოლექტიური ძალები შექმნა. ამდენად, საუბარი მოსკოვისა და ერევნის სტრატეგიული კავშირის დარღვევაზე, ნამდვილად ნაადრევია.

_ როგორ იმოქმედებს თურქულ-სომხური ურთიერთობების აღდგენა ვითარებაზე კავკასიის რეგიონში და კერძოდ საქართველოზე?

_ ჩვენს ორ მეზობელს შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია თავისთავად მისასალმებელია. უკეთესი იქნებოდა, რომ ამ პროცესში საქართველო მონაწილეობდეს როგორც აქტიური მოთამაშე და არა როგორც `გვერდზე მეზობელი~. მაგრამ როგორც იტყვიან, `მატარებელი უკვე დაიძრა~. ზემოთ მოგახსენეთ, აღნიშნული აისბერგს წააგავს-მეთქი. ჩვენ ძლიერ უნდა მოვინდომოთ, დავინახოთ და გავათვითცნობიეროთ ის, თუ რა იმალება ამ აისბერგის სიღრმეში. თუ ჩვენ ამას კარგად გავითავისებთ, მაშინ შევძლებთ კიდეც რეგიონში მიმდინარე პროცესებში როგორც მოთამაშე ჩავერთოთ და ეს პროცესები ქვეყნის გასაძლიერებლად გამოვიყენოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვისი თამაშის წესების მიღება და იმაზე `თავის მტვრევა~ მოგვიწევს, `ჩათრევა სჯობს თუ ჩაყოლა~.

_ რამდენად საფუძვლიანია ალბათობა იმისა, რომ თურქულ-სომხური ურთიერთობების გაუმჯობესების შემთხვევაში საქართველო ფუნქციას დაკარგავს და შესაძლოა `ნაბუკოს~ ან სხვა ენერგეტიკულმა პროექტებმა საქართველოს ნაცვლად სომხეთზე გაიაროს?

_ საქართველო უკვე არის ამ პროექტების ნაწილი და სხვა მას ვერ ჩაანცვლებს. არ გამოვრიცხავ, რომ პროექტების გაფართოებისა და გარკვეული პოლიტიკური რეალობის დადგომის შემთხვევაში მათში სომხეთიც ჩაერთოს, თუმცა ეს ჯერ კიდევ შორეული და ბუნდოვანი პერსპექტივაა. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სახელმწიფო მარტო `სატრანზიტო ტერიტორია~ და `ნავთობისა და გაზის სადენების მართვის სამსახური~ არ არის. საქართველო უნიკალური გეოპოლიტიკური კოდის მატარებელი ქვეყანაა, რისი ჩანაცვლებაც სხვა სახელმწიფოს, იგივე სომხეთს ან თურქეთს, არ ხელეწიფება. მაგრამ ეს ჯერ, პირველ რიგში, ჩვენ თავადვე კარგად უნდა შევიცნოთ და გავითავისოთ.

"ინტერპრესნიუსი"
კობა ბენდელიანი

ექსკლუზივი

უახლესი პუბლიკაცია

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

“Soft Power” - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form