პარასკევი, აპრილი 19, 2024
   
Text Size

ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზე მარტო პრემიერი და ისიც მხოლოდ პრესკონფერენციებზე, არ უნდა საუბრობდეს

ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზე მარტო პრემიერი და ისიც მხოლოდ პრესკონფერენციებზე, არ უნდა საუბრობდესრა სავარაუდო შედეგი შეიძლება მოჰყვეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერის მიერ ევროპარლამენტარებისთვის გაგზავნილ მიმართვებს, რა სურათს მივიღებთ შიდა პოლიტიკაში, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდა და თუ მათი განხორციელება ვერ მოხერხდა. ასევე, რატომ ვერ ახერხებს ახალი ხელისუფლება საზოგადოებასთან ეფექტურ და დროულ კომუნიკაციას, "ინტერპრსნიუსი" გეოპოლიტიკურ კვლევების ცენტრის თავმჯდომარეს, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.

 

- ბატონო თენგიზ ჯერ პარლამენტის თავმჯდომარემ, ხოლო შემდეგ პრემიერმა ევროპარლამენტარებს საკმაოდ კრიტიკული წერილებით მიმართეს. თქვენი აზრით, რა გავლენას იქონიებენ სპიკერისა და პრემიერის წერილები პირველ რიგში, თავად ადრესატებზე და, მეორე მხრივ, " ნაცმოძრაობის " ლიდერებზე? სპიკერის და პრემიერის საპასუხოდ " სახალხო პარტიამ " ახალ ხელისუფლებას სამოქმედო გეგმა შესთავაზა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს თბილისიდან მიღებული გზავნილები სულაც არ გაუთვალისწინებიათ.

- კომუნიკაციის პრობლემა რეალურად დგას არა მხოლოდ ევროპის "სახალხო პარტიასთან", არამედ ხშირად უცხოელ პარტნიორებთან და საკუთარ საზოგადოებასთანაც კი. კომუნიკაციის დაწყება კარგია, მაგრამ ყოველთვის გასათვალისწინებელია, როგორ უნდა დაისვას აქცენტები. შესაძლოა, საზღავრგარეთიდან მოსულ შეფასებებში იყოს რაიმე განსხვავებული ჩვენი პოზიციისგან, რაც საჭიროებს ახსნას, საჭოროებს დამატებითი ინფორმაციის მოწოდებას. სწორედ ამიტომაც არის საჭირო კომუნიკაცია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რა ფორმით მოხდება ამის განხორციელება. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეფასებები და ჩვენს მიმართ გამოგზავნილი მიმართვები, რაც ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან ჟღერს, ნაკარნახებია მათი სურვილით, დაეხმარონ საქართველოს. ეს ლაიტმოტივი უნდა იყოს ჩვენს ურთიერთობაში, ეს იქნება წერილი, თუ სიტყვიერი კომუნიკაცია.

როგორც ჩანს, ევროპელმა პარლამენტარებმა თავიანთი დასკვნები გააკეთეს. მაინც მეჩვენება, რომ თბილისიდან გაგზავნილი წერილების ტონი შერბილებული უნდა ყოფილიყო. ასეთ შემთხვევაში ევროპელ პარტნიორებს მეტად წავახალისებდით, რომ ისინი შინაარსზე დაფიქრებულიყვნენ და არა - წერილების გარეგნულ მხარეზე. ვფიქრობ, რომ ევროპასთან ურთიერთობაში გამაღიზიანებელ ტონს უნდა მოვერიდოთ. ჩემი აზრით, ევროპარლამენტარებთან საურთიერთობოდ საუკეთესო ლექსიკა არ იყო არჩეული, რაც აისახა კიდეც იქედან წამოსულ შეფასებებსა და პოზიციებზე. ცუდია, როცა ემოციურ პასუხს ემოციური პასუხი მოჰყვება. როგორც ყოველთვის, ზედმეტი ემოციურობა მთავარს უკან გვატოვებინებს ხოლმე. ამიტომ ჯობია, დასავლეთთან ურთიერთობებისათვის უფრო დიპლომატიური ტონი ავირჩიოთ.

თუ ჩვენ რუსებთან ურთიერთობისას და რუსეთზე საუბრისას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ დიპლომატიურ ენას, რაც ძალიან კარგია, ჩვენ იმავე ენით უნდა ველაპარაკოთ დასავლელ პარტნიორებს. თუ ვამბობთ, რომ მოწინააღმდეგე არ გავაღიზიანოთ, ეს პრინციპი ჩვენს დასავლელ პარტნიორებზეც უნდა ვრცელდებოდეს.

- კვლავ გაურკვეველი რჩება, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას უმცირესობის წევრები საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებაში. აშშ - ს კონგრესის გაზეთმა The Hill- მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის ავტორი მიიჩნევს, რომ " საქართველოს ხელისუფლება ობამას ადმინისტრაციას მოუწოდებს დაეხმაროს საკონსტიტუციო კრიზისთან გამკვლავებაში ". სტატიის ავტორი შენიშნავს, რომ სწორედ ამგვარ მიზანს უკავშირდება პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ვიზიტი ვაშინგტონში. თქვენი აზრით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებაში მიიღებს თუ არა მონაწილეობას " ნაცმოძრაობის " უმცირესობა?

- ვისურვებდი, რომ მხარეებს მოენახათ ის მექანიზმები, რის შედეგადაც ჩვენ მივიღებდით კონსტიტუციას მორგებულს არა ერთ პიროვნებაზე ან დღეზე, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაზე. დღეს პოლიტიკური ძალები იმდენად დაპირისპირებული არიან, თუ მათ შორის ურთიერთობის ფონი არ შერბილდა, გარკვეული დადებითი იმპულსი არ გაჩნდა და მხარეები ერთად არ დასხდნენ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ორივე მხარემ მიიღოს მონაწილეობა საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებაში. შესაძლოა, სწორედ აშშ-დან და ჩვენი დასავლელი პარტნიორების, კარგი გაგებით ჩარევით, გაჩნდეს ამგვარი ახალი იმპულსი. თუ ამგვარი დადებითი მუხტი არ გაჩნდა, ასეთ შემთხვევაში ვერ ვხედავ იმის პერსპექტივას, რომ ხვალ უმცირესობა და უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებებს ერთად განახორციელებენ.

- პრემიერმა ბრძანა - თუ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ვერ მოხერხდა, ტრაგედია ამაში არ იქნება. მაგრამ, რა სურათს მივიღებთ, თუ უმრავლესობამ შეძლო საკონსტიტუციო ცვლილებების უმცირესობის ღია მხრადაჭერის გარეშე მიღება? და რა სურათი იქნება იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებებს უმცირესობის გარეშე, ანუ მაჟორიტარებისა და "ნამუსზე აგდებული" "ნაციონალების" ხარჯზე გახდება შესაძლებელი?

- თუკი კონსტიტუციაში ცვლილებების მიღება უმრავლესობასა და უმცირესობას შორის კონსენსუსის გარეშე მოხდება, ეს გააღრმავებს იმ ნაპრალს, რომელიც ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის არსებობს. კონსტიტუცია საერთო შეთანხმების საგანი უნდა იყოს. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ვერ მოხერხდა, "ქართულმა ოცნებამ" ხმები ვერ მოაგროვა, რაშიც ეჭვი ძალიან მეპარება, ეს ხელისუფლების ავტორიტეტისთვის ძალიან ცუდი იქნება.

მე მაინც ვეთანხმები პრემიერ-მინისტრს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები რომც ვერ განხორციელდეს, პრობლემას ნამდვილად ვერ ვხედავ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრეზიდენტმა მთავრობა და პარლამენტი დაითხოვოს. ასეთ შემთხვევაში მივიღებთ ახალ არჩევნებს, რომელშიც განარჯვების შანსი "ნაცმოძრაობას" არ ექნება. რაც შეეხება იმას, რომ სააკაშვილი დანიშნავს ახალ მთავრობას, რომელიც არჩევნებს გააყალბებს. ცოტა ხნის წინანდელმა წარსულმა გვაჩვენა - საქართველოს მოსახლეობამ მოახერხა ის, რომ 1 ოქტომბერს არ გაყალბებულიყო ხმები და გაემარჯვა ოპოზიციას. ახლა ამის შანსი ოპოზიციას გაცილებით მეტი აქვს. ამიტომაცა ვამბობ, იმ შემთხვევაში კი, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული არ იქნა, ამით ქვეყანაში არაფერი შეიცვლება.

- მრავალმხრივ საინტერესო იყო პრემიერ - მინისტრის შეხვედრა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან. დარჩა შთაბეჭდილება, რომდედაქალაქელი ჟურნალისტებისგან განსხავებით, რეგიონული მედიის წარმომადგენელბის შეკითხვები კონკრეტული და საქმიანი იყო. პრემიერი, როგორც ყოველთვის გულახდილი იყო, მაგრამ თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ამ შეხვედრამ?

- აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ რეგიონული მედია გაცილებით კარგად იყო მოზადებული პრემიერთან შესახვედრად, ვიდრე, სამწუხაროდ, ამას ვხედავთ ხოლმე სხვა შეხვედრებზე, რომელსაც ფედერალური მედიასაშუალებები ესწრებიან. ერთი ორი კითხვის გამოკლებით, კითხვები იყო საქმეზე ორიენტირებული, ჟურნალისტები არ მოროდებიან მწვავე შეკითხვებსაც. თავისთავად, ეს ფორმატი ძალიან მნივნელოვანია, ვინაიდან ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის კომუნიკაციის პრობლემა არსებობს. ხალხი, ვინც დღესაა ხელისუფლებაში, სწავლობს ხელისუფლებაში ყოფნას, მათ შორის კომუნიკაციის საკითხსაც საზოგადოებასთან და რეგიონულ მედიასთან. კარგია, რომ ეს პროცესი დაიწყო და ხელისუფლება არ ერიდება მწვავე საკითხებზე საჯაროდ საუბარს. ამგვარი შეხვედრებისგან ხელისუფლება რეალურად იგებს, რას ფიქრობს მასზე ხალხი, რა მოსწონს და რა - არ მოსწონს. გარდა ამისა, კარგია, რომ იქმნება ჩართულობისა და პროცესებში მონაწილეობის განცდა და არა მხოლოდ ილუზია იმისა, რომ მთავრობა ერთგვარად ანგარიშს აბარებს საზოგადოებას.

- თქვენ როგორ შეაფასებდით პრემიერის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სურვილს იმის თაობაზე, რომ დეპუტატის სამ ვაკანტურ ადგილზე " ქართული ოცნებიდან " აღარ უნდა იყვნენ წარდგენილი მსახიობები, რეჟისორები და ე. წ. ცნობადი სახეები?

- მხოლოდ და მხოლოდ დადებითად, ვინაიდან პარლამენტში უნდა იყვნენ ნამდვილად პროფესიონალები, რომლებიც პარლამენტში შესვლის შემდეგ არ უნდა სწავლობდნენ იმას, თუ რა არის კანონი, კანონმდებლობა და პოლიტიკის საფუძვლები. ფაქტია, რომ "ქართულ ოცნებას" კვალიფიციური პარლამენტარები აკლია.

- როცა "ნაცმოძრაობის" დეპუტაციის კვალიფიციურობაზე საუბრობენ, ბევრს ავიწყდება, რომ მათი უმეტესობა დიდ პოლიტიკასა და პარლამენტში 1995 წლიდან საქმიანობს, მეორე ნაწილი კი, 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, ანუ პოლიტიკური სივრცე "ნაცმოძრაობას" მონოპოლიზებული ჰქონდა და საინფორმაციო სივრცეში პოლიტიკურ საქმიანობას მხოლოდ ისინი ახერხებდნენ, ვისაც "ნაცმოძრაობა" რეალურ კონკურენტებად არ განიხილავდა. არჩევნებამდე არსებული პოლიტიკური ვითარება თბილისში ჩამოსვლამდე აშშ - ს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა "მოსუფთავებულ მოედანს" შეადარა. ასეთ ფონზე, გასაკვირი არც უნდა იყოს, რომ კოალიციას კვალიფუიციურ პარლამენტართა ნაკლებობა აქვს. თქვენ ასე არ ფიქრობთ?

- ის ხალხი, რომელიც "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოვიდა ხელისუფლებაში, ხელისუფლებაში ყოფნის საკმაიდ დიდი გამოცდილება ჰქონდათ - სააკაშვილი, ბურჯანაძე, ჟვანია, ბევრ სხვაზე აღარ ვლაპარაკობ. ეს გახლათ ძალიან სერიოზული გამოცდილების გუნდი, ასეთი გუნდი "ქართულ ოცნებას" ნამდვილად არა ჰყავს. ამიტომაც ვამბობ, რომ მათ პარლამენტში რეალურად აქვთ პროფესიონალიზმის პრობლემა. ბატონ ნორლანდის მოსაზრება "მოსუფთავებული მოედნის" შესახებ რომ რეალობა იყო, ყველამ ვიცით. მიუხედავად ამისა, კოალიციაში სერიოზული პროფესიონალების გუნდია, რომელიც ძალიან სერიოზულადაც მუშაობს, მაგრამ ვისურვებდი, რომ მათ რიგებში მეტი პროფესიონალი იყოს, ვინაიდან კოალიციაში არაპროფესიონალებიც ბევრნი არიან.

- პრემიერის პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ ახალ ხელისუფლებას გრანდიოზული გეგმები აქვს თვითმმართველობის რეფორმის საკითხებსა და სოფლის მეორნეობაში. ამ საკითხებზე საუბარი მანამდეც იყო, მაგრამ პრემიერის ნათქვამმა მოლოდნს გადააჭარბა. ფაქტია, რომ თვითმმართველობების რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელისუფლების რეალურ დეცენტრალიზაციაზეა ორიენტირებული. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი ხელისუფლების მიერ გაკეთებული საქმეები და სამომავლო გეგმები, მაგრამ გაუგებარია, რატომ ვერ ახერხებს ახალი ხელისუფლება ამ თემების აქტუალიზაციას და ამავე თემებზე საზოგადოებასთან ეფექტურ და დროულ კომუნიკაციას?

- საუბრის დასაწყისში ვთქვი, რომ ახალ ხელისუფლებას საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა აქვს. ვინაიდან თვითმმართველობის სპეციალისტი არ ვარ და ამ საკითხებზე კვალიფიციური საუბარი მიჭირს, მაგრამ მაინც მგონია, რომ ჩვენი მთავრობა და ხელისუფლება ახლა იმ ფაზაში იმყოფება, როცა საკუთარ ამომრჩეველთან და მოწინააღმდეგეებთან ურთიერთობას სწავლობს. ჩემი აზრით, მათ კომუნიკაცია უნდა ისწავლონ უცხოელებთანაც. კარგია, რომ ხელისუფლებას ამგვარი გეგმების აქვს. პირადად მე მექნებოდა სურვილი, რომ ნებისმიერ ასეთ გეგმებზე ტრადიციად იქცეს უკვე გადადგმულ ნაბიჯებზე და განხორციელებულ შედეგებზე საუბარი. გულახდილად და გულრწფელად ვუთხრათ ერთმანეთს თუ რაიმე ეჭვები გვაქვს და რამეს გაკეთებას უკეთესად ვისურვებდით. საბოლოო ჯამში, ასეთი კომუნიკაცია საქმის წარმატებულად კეთების და დასახული გეგმების წარმატებით შესრულებას შეუწყობდა ხელს. ხელისუფლება დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ რამდენადაც ის იქნება გულახდილი თავის ამომრჩეველთან და თავის საზოგადოებასთან, მათ შორის შეცდომების აღიარებაში, მას საზოგადოებისაგან მეტი მხარდაჭერა ექნება.

- თვალშისაცემია, რომ პრემიერს გულწრფელობა არ აკლია, მაგრამ...

- მე მხოლოდ პრემიერზე არ ვსაუბრობ, მე ვსაუბრობ მთელ მთავრობაზე. მართლაც, პრემიერს გულახდილობის პრობლემა არა აქვს. საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რის გაკეთებას აპირებს ხელისუფლება, რა გაკეთდა და საქმეს რომ გააკეთებს, შემდეგ მას ანგარიშიც უნდა ჩააბაროს. ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვან თემებზე მარტო პრემიერი და ისიც მარტო პრესკონფერენციებზე არ უნდა საუბრობდეს. ამ საკითხების განხილვაში საზოგადოებასთან ერთად მთავრობის მთელი შემადგენლობაც უნდა იღებდეს მონაწილეობას.

www.interpressnews.ge

 

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form