პარასკევი, თებერვალი 23, 2018
   
Text Size

გადატვირთვის პოლიტიკას სერიოზული პრობლემები ემუქრება და 2012 წელს შეიძლება, არც კი იარსებოს

გადატვირთვის პოლიტიკას სერიოზული პრობლემები ემუქრება და 2012 წელს შეიძლება, არც კი იარსებოსსაერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პროცესებსა და 2012 წელს საქართველოს სავარაუდო საგარეო საფრთხეებზე "ინტერპრესნიუსი" გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის თავმჯდომარეს, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.

- ბატონო თენგიზ, ცნობილმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა ბზეჟინსკიმ ჟურნალ "ფორინ პოლისში "გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში, პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის გეგმებთან მიმართებაში, რამდენიმე საყურადღებო აზრი გამოთქვა - "აშშ - ის პოზიციების შესუსტების გამო საქართველო, უკრაინა და ბელორუსია საფრთხის ქვეშ არიან ", "აშშ - ის გლობალური გავლენის შესუსტება კონფლიქტების საფრთხის შემცველია ", "საქართველო რუსეთის მხრიდან პოლიტიკური დაშინებისა და სამხედრო აგრესიის კუთხით მგრძნობიარე ხდება ". რამდენად რეალურია პოსტსაბჭოთა სივრცეზე რუსეთის გავლენის ზრდის შესაძლებლობა და რუსეთის მხრიდან საქართველოს დაშინებისა და სამხედრო აგრესიის ალბათობა?

- აშშ-ში, ისევე როგორც ყველა სახელმწიფოში, კეთდება მოვლენათა განვითარების პროგნოზები და მუშავდება სცენარები, თუ რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს მოვლენები. რაც ხდებოდა მსოფლიოში 2011 წელს და განსაკუთრებით მის მეორე ნახევარში, გვაჩვენა, რომ გადატვირთვის პოლიტიკას სერიოზული პრობლემები ემუქრება და 2012 წელს გადატვირთვის პოლიტიკამ შეიძლება, არც კი იარსებოს. ეს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის სათავეში ის პოლიტიკური ძალები იქნებიან, რომლებიც ევრაზიული კავშირის შექმნაზე საუბრობენ და დასავლეთს ახალი "ცივი ომით "ემუქრებიან.

 

ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ყველა განვითარებულ ქვეყანაში განიხილება მოვლენათა განვითარების სცენარები. ბზეჟინსკის განცხადება არაფერს დამამშვიდებელს არ გვეუბნება, მაგრამ ის, რომ ასეთი განცხადება კეთდება და ამაზე საჯაროდ მიმდინარეობს დისკუსია, კარგია. კარგია იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს არა მარტო ჩვენ ვხედავთ, არამედ ხედავენ ჩვენი პარტნიორებიც. 2008 წელს სამხედრო აგრესიის წინ რომ ყოფილიყო ამ დონის ურთიერთგაგება, ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს გვემუშავა პრევენციის მექანიზმებზე, გაცილებით სხვა რეალობას მივიღებდით და შესაძლებელია, ბევრი პრობლემა ისეთი სიმწვავით არ დამდგარიყო, რა ხარისხითაც დაგვიდგა. ამ პრობლემებზე საუბარი იმასაც ნიშნავს, რომ დასავლეთი არსებულ პრობლემებს არ ემალება და ამ საკითხებს საკმაოდ მნიშვნელოვან ყურადღებას ანიჭებს.

რაც შეეხება თავად რუსეთს. რუსეთში ყველაზე საშიშია ის პოლიტიკური ელიტა, რომელსაც აქვს განცდა, რომ მის მმართველობას საფრთხე ემუქრება. პროცესები, რომელიც ახლა რუსეთში ვითარდება, მნიშვნელოვანწილად განაპირობებს, რა მიმართულებით განვითარდება თავად რუსეთი და მისი საგარეო პოლიტიკა. თუ რუსეთში რევანშისტულმა ძალებმა გაიმარჯვეს, რომლებიც ცდილობენ არა მარტო დემოკრატიის ჩახშობას, არამედ ყოფილი საბჭოთა იმპერიის ძლიერების აღდგენას, ასეთ შემთხვევაში კრემლის მაქსიმალური ძალისხმევა იქნება მიმართული იმ ქვეყნებისადმი, რომელსაც რუსეთი საფრთხედ აღიქვამს. ბუნებრივია, ასეთი ქვეყანაა საქართველოც. რუსეთი ასევე შეეცდება თავისი პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერებას უკრაინასა და ბელორუსში.

- იმავე სტატიაში ბზეჟინსკი ამტკიცებს, რომ "ევროპას უკრაინის დასავლეთთან ინტეგრირების შესაძლებლობა შეუსუსტდება, რაც რუსეთის იმპერიული ამბიციების აღორძინების საფრთხეს ქმნის ". მისივე მტკიცებით, "აშშ - ის შესამჩნევი უკანდახევა, "სამხრეთის ნაკადის "ამოქმედება რუსეთს მისცემს შანს, შეაგუოს დასავლეთი პოსტსაბჭოთა სივრცეზე მოსკოვის გავლენის ზრდას და მოარყიოს ლატვიის უსაფრთხოება ". რა ბედი ეწევა "სამხრეთ ნაკადის "მშენებლობაზე ანკარის თანხმობის შემდეგ "ნაბუკოს "პროექტს?

- რაზეც ბატონი ბზეჟინსკი საუბრობს, აუცილებელი არ არის, რომ სწორედ ასე განვითარდეს. იგი არ გახლავთ ერთადერთი დასავლელი პოლიტოლოგი, ვინც ამ საფრთხეებზე ღიად საუბრობს. სულ ახლახან გამოვიდა ფრიდმანის ახალი წიგნი "მომავალი ათი წელი ", რომელშიც სწორედ იმ საფრთხეებზეა საუბარი, რომელზეც ბზეჟინსკი მიუთითებს. ფრიდმანი საუბრობს იმაზეც, რომ შემდგომ პერიოდში ნეობოლშევიკური და ნეოკომუნისტური ძალები მაქსიმალურად შეეცდებიან პოსტსაბჭოთა სივრცეზე თავისი გავლენის აღდგენას. მათ შორის დასახელებულია ბალტიისპირეთის სახელმწიფოებიც. პოლიტოლოგთა პროგნოზები სწორედ იმიტომაც კეთდება, რომ ეს ყველაფერი ასე არ მოხდეს. 2012 წელი ძალიან მნიშვნელოვანია იმითაც, რომ სწორედ ამ წელს არჩევნების წელია რუსეთში, აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, ჩვენთანაც. 2012 წელს დაგეგმილია ნატო-ს ჩიკაგოს სამიტიც. ეს ის მოვლენებია, რომლებმაც მნიშვნელოვანი პასუხი უნდა გასცენ სწორედ იმ კითხვებს, თუ რა მიმართულებით წავა მსოფლიო. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ განვითარდება პროცესები ევროპაში. რამდენად მოახერხებს ევროპა ეკონომიკური კრიზისის დაძლევას, ევროს შენარჩუნებას. ყველა ის პროექტი, მათ შორის "ნაბუკოს "განხორციელება დამოკიდებულია იმაზე, როგორ წარიმართება პროცესები ევროკავშირში. ევროპაში ალტერნატიული ენერგომატარებლების გაჩენას ფინანსური სახსრები სჭირდება, ამიტომ რაც უფრო მალე შეძლებს ევროპა ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავებას, მით უფრო მეტი გასაქანი მიეცემა ახალ პროექტებს და მათ შორის "ნაბუკოს "პროექტსაც.

- გასულ წელს აშშ - ის სენატმა, ევროპარლამენტზე გაცილებით ადრე, ზაფხულში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად აღიარა . ნაადრევი ხომ არ არის იმაზე საუბარი, რომ აშშ საქართველოს ჯეროვნად მხარს არ უჭერს, ანაც მომავალში არ დაუჭერს მხარს?

- მე საერთოდ ვერ ვხედავ მოვლენების ისეთ განვითარებას, რომ აშშ-მა საქართველოს მხარი არ დაუჭიროს. პირიქით, აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული ხელშეკრულება ამას ადასტურებს. ვაშინგტონსა და თბილისს შორის თანამშრომლობა ყოველდღე იზრდება, ამერიკა საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან და გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავს. არანაირი ნიშნები არ არსებობს იმისა, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები აღმავალი გზით არ განვითარდება.

- თქვენი აზრით, მოაწერს თუ არა ობამა ხელს სენატის გადაწყვეტილებას, რომლითაც აშშ - მ საქართველოს თავდაცვითი იარაღი უნდა მიაწოდოს? - ეს მართლაც საინტერესო თემაა. ამ საკითხზე უკვე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტი ობამა ამ გადაწყვეტილების ხელმოწერისას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს ეხება, გარკვეულ "დათქმებს "გააკეთებს, რომლითაც საქართველოსთან დაკავშირებული მუხლები შესასრულებლად აუცილებელი არ იქნება. ჩემი აზრით, ობამა ამ დოკუმენტს სავარაუდოდ ხელს მოაწერს. არ ვიცი, "დათქმები "მართლა გაკეთდება თუ არა, მაგრამ შესაძლოა, გამოყენებული იყოს გასაჯაროების იმ მოტივით აკრძალვა, რომ მათ შესაძლოა, ხელი შეუშალონ ქვეყნის ინტერესების განხორციელებას. საუბარი არ არის იმაზე, რომ გადაწყვეტილების შესასრულებლად ვიღაცა რაღაცას არ შეასრულებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რამე სახის "დათქმა "მართლაც იქნა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დოკუმენტი, რომლითაც აშშ-მ საქართველოსთვის თავდაცვითი შეირაღების მიწოდების გადაწყვეტილება მიიღო, ძალას დაკარგავს. საქმე კიდევ იმაშია, რომ რაც ამ დოკუმენტში წერია, არ გახლავთ აშშ-ის ერთი პოლიტიური ძალის ან ერთი პოლიტიკური ჯგუფის ნააზრევი. ეს დოკუმენტი ასახავს იმ ურთიერთობებს და იმ საერთო მიზნებს, რაც აშშ-სა და საქართველოს აკავშირებს და ორვე ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში შედის.

- პოლიტოლოგთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთში საარჩევნო ციკლის დასრულების შემდეგ, პუტინის მიერ ინიცირებული "ევრაზიული კავშირი "საქართველოსთვის დიდი გამოწვევა იქნება . რამდენად სავარაუდოა, რომ კრემლმა თბილისს ტერიტორიების დაბრუნების ილუზიის შექმნით საქართველოსგან ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება მოითხოვოს?

- იმ შემთხვევაში, თუ საქართველო რუსეთს ყველაფერზე მოუწერს ხელს, ისევე როგორც საბჭოთა კავშირის დროს, სხვა ქვეყნის ნაწილი აღმოვჩდებით. საქართველოს აქვს ძალიან მკაფიოდ გამოკვეთილი თავისი გზა, თავისი გეზი და ამ გეზს არა აქვს ალტერნატივა. რაც შეეხება ევრაზიული კავშირის მომავალს, ამ ორგანიზაციამ ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა უნდა გაიაროს. იმ არსებული რეალობების ფონზე, რომელიც ახლა არსებობს, მათ შორის რაც ახლა მსოფლიოში, ევროპაში და იმავე რუსეთში ვითარდება, ეჭვი მეპარება, რომ ეს პროექტი წარმატებული აღმოჩნდეს. არა მგონია, რუსეთს ჰქონდეს იმის რესურსი, რომ ევრაზიული კავშირი ნამდვილად აამუშაოს, იგი ჯერ რეალურად შექმნას და შემდეგ შეინარჩუნოს. ევრაზიული კავშირი რუსეთის იმ ნეოკომუნისტური ძალების პოლიტიკური სატყუარაა, რომლებსაც ბოლო ძალებისა და რესურსების გამოყენებით სურთ მეზობლებზე გავლენის აღდგენა. ამ პროექტში მონაწილე ქვეყნები მალე დარწმუნდებიან, რომ ევრაზიული კავშირი პარაზიტული სისტემაა და მიზნად ისახავს მეზობელი ქვეყნებიდან რესურსების მაქსიმალურად მოზიდვას და რუსეთის ინტერესებისათვის დაქვემდებარებას. ამგვარ არათანაბარ პირობებზე თანამშრომლობას არც ერთი სახელმწიფო თავისი ნებით არ დათანხმდება.

- პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის "ინტერპრესნიუსთან "გამოთქმულმა მოსაზრებამ - "როგორც ჩანს, დადგა დრო, რომ თემურ ალასანიამ რუსულ წრეებთან ძველი კავშირების ქვეყნისთვის სასარგებლოდ მატერალიზაცია მოახდინოს ", საზოგადოების ერთ ნაწილში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია . რა როლის შესრულება შეუძლია "რუსულ წრეებთან დაახლოებულ ", საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველ თემურ ალასანიას?

- კომენტარი ამა თუ იმ პიროვნების დანიშვნაზე კი არა, მის მიერ გაკეთებულ საქმეებზე შეიძლება. ყველას თავისი სუბიექტური აზრი აქვს. გასაგებია, რომ თემურ ალასანიას ფიგურა იმის გამო იწვევს ინტერესს, რომ იგი, გარდა იმისა, რომ პროფესიონალი დიპლომატია, საქართველოს პრეზიდენტის ბიძაა. ისიც გასაგებია, რომ ამა თუ იმ თანამდებობაზე მისმა დანიშვნამ საზოგადოების ნაწილში ინტერესი გამოიწვია. თემურ ალასანიას რამე განსაკუთრებულ მისიაზე საუბარი ნაადრევი და გადაჭარბებულია. მის მიერ საგანგებო მისიის შესრულებაზე საუბარი მაშინ იქნება უპრიანი, როცა იგი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს. დიპლომატია ის სფეროა, რომელსაც იმ აქტივობების აფიშირება, რომელიც მიზნის მისაღწევად შეიძლება განხორციელდეს, მაინცდამაინც არ უყვარს. ამიტომ, მოდით, ეს სფერო მოქმედ დიპლომატებს დავუტოვოთ და მათი საქმის პროფესიულ დონეზე კეთების საშუალება მივცეთ.

კობა ბენდელიანი

www.interpressnews.ge

ექსკლუზივი

უახლესი პუბლიკაცია

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

“Soft Power” - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form