პარასკევი, თებერვალი 23, 2018
   
Text Size

2012 წელი და 2013 წლის პირველი ნახევარი რუსეთისთვის კავკასიაში პროვოკაციების განხორციელებისთვის კარგი დროა

2012 წელი და 2013 წლის პირველი ნახევარი რუსეთისთვის კავკასიაში პროვოკაციების განხორციელებისთვის კარგი დროა

აშშ-ში პრეზიდენტ პუტინის ჩაუსვლელობისა და სოჭში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტებთან"გამართული შეხვედრების მიზეზებსა და მიზნებზე; რამდენად ადეკვატურად რეაგირებს დასავლეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში კრემლის ამბიციებზე და არსებული საფრთხეების პირობებში, სავარაუდოდ, როგორი უნდა იყოს ქართული მხარის სტრატეგია,"ინტერპრესნიუსი"გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის თავმჯდომარეს, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.

- ბატონო თენგიზ, კრემლში დაბრუნების შემდეგ პუტინმა კემპ - დევიდში "დიდი რვიანის" სამიტსა და ნატო - რუსეთის კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი თქვა, მაგრამ სოჭში, ოლიმპიური ობიექტების მონახულების გარდა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე - ფაქტო ლიდერებთან შეხვედრები გამართა. თქვენი აზრით, ნატო - ს სამიტის წინ აშშ - ში ჩაუსვლელობითა და დე - ფაქტო ლიდერებთან შეხვედრით რისი დემონსტრირება სურდა პუტინს ბრიუსელისა და, განსაკუთრებით ვაშინგტონისთვის ?

- მიწვევაზე უარი მართლაც დიპლომატიურად იყო ნათქვამი და პრინციპში შესაძლებელიც იყო, ეს დაგვეჯერებინა, თუ არა ის გარემოებები, რაც პუტინის ამერიკაში ჩაუსვლელობას უძღოდა წინ. მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის ძალიან დიდი აზრთა სხვაობაა ევროპაში ანტისარაკეტო სისტემების განლაგების საკითხზე, ნათელი იყო, რომ ნატო-რუსეთის კომისიის სხდომის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა და პუტინი აშშ-ში არ ჩავიდოდა. მართალია,"დიდი რვიანი"და ნატო სხვადასხვა ფორმატებია, მაგრამ შეუძლებელია, რომ კემპ-დევიდში არ შემდგარიყო იმ თემებზე საუბარი, რა თემებზეც პუტინს საპასუხო არაფერი ჰქონდა.

პუტინის ქცევა უფრო იმ გაბრაზებული კაცის ქცევას ჰგავს, რომელმაც შექმნილ ვითარებაში საუკეთესო გამოსავლად გაბუტვა არჩია. აშშ-ში წაუსვლელობით იგი შეეცადა, დასავლეთისთვის ეჩვენებინა, რომ ნატო-ს გარდა სხვა არჩევანიც აქვს. ასეთ პრიორიტეტებად მან დიდი ხანია, პოსტსაბჭოთა სივრცე დაასახელა. ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო ლიდერებთან შეხვედრა სწორედ ამის მაჩვენებელი იყო. დე-ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლებისთვის კი, ეს კრემლისგან მორიგი მითითებების მიღებისა და სამეფო კარზე ვასალური ერთგულების დემონსტრირების საშუალება იყო. ამიტომ, ამ ტერიტორიებთან მიმართებაში პუტინის დამოკიდებულებაში ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.

- რა უფრო შეიძლება იყოს ეს, თუ იმის დემონსტრირება, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეზე თავისი გავლენის გაძლიერების საკითხში რუსეთი დასავლეთის აზრის გათვალისწინებას არ აპირებს, თუ შანტაჟი ?

- პუტინი ამაზე ღიად საუბრობს. წინასაარჩევნოდ პუტინი მის მიერვე გამოქვეყნებულ სტატიებში ღიად საუბრობდა რუსეთის სამხედო ძლიერების აუცილებლობაზე. სიმბოლური იყო ისიც, რომ, 12 წლის წინ პუტინის პირველი ინაუგურაციის მსგავსად, ინაუგურაცია ახლაც 7 მაისს შედგა. თუ მანამდე პუტინი მე-20 საუკუნის ყველაზე დიდ გეოპოლიტიკურ კატასტროფად სსრკ-ს დაშლას მიიჩნევდა, ახლა, 12 წლის შემდეგ იგი რუსეთის მთავარ გეოპოლიტიკურ ამოცანად ევრაზიული კავშირის შექმნას მიიჩნევს. ნატო-ს ჩიკაგოს სამიტამდე პუტინის მიერ გადადგმული ნაბიჯები შანტაჟიც გახლავთ და იმის დემონსტრირება, რომ რუსეთი დასავლეთისაგან შეთავაზებული თანამშრომლობის პირობების მიღებას არ აპირებს.

- რუსეთში არავინ უარყოფს, რომ ქვეყანაში ვითარება საკმაოდ რთულია და თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, რუსეთი რევოლუციის საფრთხის წინაშეც კი აღმოჩნდეს . ასეთ ფონზე პუტინმა მის გულმხურვალე მხარდამჭერ ნიჟნი ტაგილელ მუშებთან დაანონსებულ შეხვედრას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებთან შეხვედრა ამჯობინა . ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კრემლის მმართველი მზადაა, ყურადღება შიდა პრობლემებიდან გარეთ, ამ შემთხვევაში, კვლავ საქართველოზე გადაიტანოს და პირდაპირ თუ ირიბად სამხრეთ კავკასიაში ვითარების უკიდურესად გამწვავებას შეუწყოს ხელი ?

- პოლიტიკაში გარე ფაქტორის ძებნა რუსეთისთვის არც ახალი და არც უცხო არ გახლავთ. გარე ფაქტორი, ძირითადად, ავტორიტარულ რეჟიმებს არა ერთხელ და წარმატებითაც გამოუყენებიათ. პუტინის მხრიდან ამის კარგი მაგალითი იყო არჩევნების შემდეგ მის მხარდამჭერ მიტინგზე გამოსვლისას გაკეთებული განცხადება - არჩევნებში ჩემი გამარჯვება ყველა იმ ხალხის გამარჯვებაა, ვინც არ დაუშვა გარკვეულ ძალების მიერ რუსეთისთვის უცხო მმართველობის ფორმისა და რეჟიმის თავს მოხვევა. მას შემდეგ, რაც პუტინს ფედერალურ დონეზე მისი დაპირებების უმრავლესობა არ შეუსრულებია, პასუხიმგებლობის თავიდან ასაცილებლად იგი აქცენტების გადატანას გარე ფაქტორებზე არჩევს. პუტინი საზოგადოებას მოხერხებულად და წარმატებით ახვევს თავს, თუ როგორ ებრძვის მთელი დასავლეთი რუსეთს და  სურს მისი დაშლა.

რუსეთში არსებული ვითარების გათვალისწინებით, სულაც არ არის გამორიცხული, რომ მას 2008 წლის მსგავსად, პატარა და წარმატებული ომი დასჭირდეს. მოსკოვში არ გამორიცხავენ, რომ ამგვარი ომის წარმოება კვლავ ფეთქებადსაშიშ და არასტაბილურ სამხრეთ კავკასიაშია შესაძლებელი. სამწუხაროდ, ასეთი პერსპეტივა საკმაოდ რეალურია. რუსეთი 2014 წლის სოჭის ოლიმპიადამდე მაქსიმალურად შეეცდება კავკასიაში ყველა იმ პროვოკაციის განხორციელებას, რომელიც მას "საშინაო დავალების" ფარგლებში აქვს დაგეგმილი. ამ თვალსაზრისით, 2012 წელი და 2013 წლის პირველი ნახევარი რუსეთისთვის კავკასიაში პროვოკაციების განხორციელებისთვის კარგი დროა.

- თუ ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით პუტინის განცხადებებს მხედველობაში მივიღებთ, აშკარაა, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება და საფუძველსაც ქმნის. თქვენი ვარაუდით, როგორი შეიძლება იყოს რუსეთის გეგმები და როგორი უნდა იყოს ამ გამოწვევაზე საქართველოს მოქმედების სტრატეგია ?

- რუსეთის გეგმები და მოქმედების სტილი, უმნიშვნელო სახეცვლილების მიუხედავად, უცვლელია. ცხადია, რომ ძირითადი აქცენტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაკეთდება. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, ანუ საქართველოს მოქმედების სტრატეგიას, ეს მართლაც აქტუალური და მნიშვნელოვანი თემაა.

ნათელია, რომ ჩვენი სტრატეგია წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობაა, მაგრამ იგი თავისთავად უამრავ კომპონენტებს შეიცავს. ვგულისხმობ იმას, რომ სამწუხაროდ, ქვეყნის მთელ მოსახლეობასა და პოლიტიკური ელიტას ბოლომდე გაცნობიერებული და გათავისებული არა აქვს, რაოდენ დიდი საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა და რა მასშტაბები შეიძლება ჰქონდეს ამ საფრთხეს. ისეთი პატარა ქვეყნისთვის ხსნა, როგორიც საქართველოა, ევროსტრუქტურებში ინტეგრაციაა. ამგვარი პერსპექტივა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ყველაზე საუკეთესო გარანტიაა. ეს გულისხმობს აბსოლუტურად ყველაფერს, ანუ რეფორმების გაგრძელებას, ეკონომიკის აღმასვლას და ყველა მიმართულებით ევროპასთან ინტეგრაციას.

- სულ უფრო თვალშისაცემი ხდება რუსეთის მხრიდან უკრაინაზე ზეწოლა და კიევის ევრაზიულ კავშირში შეყვანის სხვადასხვა ფორმით გამოვლენილი მცდელობები . რჩება შთაბეჭდილება, რომ დასავლეთის ქვეყნები, განსაკუთრებით გერმანია რუსეთს ამ პროცესში არა თუ არ უშლის ხელს, ხელსაც კი უწყობს . ევროპა პოსტსაბჭოთა სივრცეზე რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს სათანადოდ ვერ აფასებს, თუ რა ხდება ?

- ჩემი აზრით, ევროპა რუსეთთან მიმართებაში ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბების პროცესშია. ვერ ვიტყვი, რომ ის ვერ აფასებს არსებულ ვითარებას და იმას, თუ რა შეიძლება მოჰყვეს რუსეთისათვის წაყრუების პოლიტიკას. მაგრამ, ჯერჯერობით, არ არსებობს ერთიანი პოზიცია იმასთან მიმართებაში, თუ როგორ უნდა დაუპირისპირდეს მას ევროპა, რათა შესაძლებელი გახდეს მოვლენათა ყველაზე არასასურველი სცენარის აღკვეთა. ევროპაში ჯერ კიდევ არიან იმ ტიპის ოპტიმისტები, რომლებსაც რუსეთთან წარმატებულად თანამშრომლობისა და რუსეთის მოდერნიზაციის იმედი აქვთ. მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ პუტინის კრემლში დაბრუნების შემდეგ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და პუტინის პირობებში რუსული რეჟიმის მოდერნიზაცია გამორიცხულია. ევროპაში რუსეთის მიმართ ორი ამგვარი ხედვა არსებობს და არ არის ჩამოყალიბებული ერთიანი მიდგომა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ოფიციალური მოსკოვისადმი ევროპის დამოკიდებულება. ჩემი აზრით, ევროპაში რუსული საფრთხე შეუმჩნეველი არ რჩება.

რაც შეეხება უკრაინას. უკრაინა გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ევრაზიული კავშირი უკრაინის, ისევე როგორც კავკასიის გარეშე, წარმატებული ვერ იქნება და ვერ იარსებებს. ამიტომაც რუსეთის მხრიდან კეთდება ყველაფერი, უკრაინის ევრაზიულ კავშირში შესაყვანად. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება და რუსეთის მხრიდან საკმაოდ დიდი იქნება ზეწოლა, რათა უკრაინულ რადაში დეპუტატთა ის შემადგენლობა მოხვდეს, რომელიც რუსეთისთვის მაქსიმალურად მისაღები იქნება. რაც უფრო აქტიური ხდება უკრაინაში პოლიტიკური ცხოვრება, რუსეთი მით მეტ აქტიურობას გამოავლენს.

- ცნობილია, რომ ნატო - ს სამიტი საქართველოსთვის განსაკუთრებული არაფრით იქნება, ნატო - ს სამიტში საქართველო ასპირანტი ქვეყნის სტატუსით, ხოლო საქართველოს სამთავრობო დელეგაცია სამ ოფიციალურ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას . თქვენი აზრით, რეალურად არსებულ საფრთხეთა გათვალისწინებით, რამდენად ადეკვატურია საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის მიმართ დასავლეთის რეაქცია ?

- ვერ ვიტყვი, რომ ჩიკაგოს ნატო-ს სამიტი საქართველოსთვის განსაკუთრებული არ იქნება. თავად ის ფაქტი, რომ ჩიკაგოს სამიტზე, რომელიც გაფართოების სამიტი არ გახლავთ, საქართველოს თემა ერთ-ერთი აქტუალური იქნება, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. ალიანსს საქართველოსთან მიმართებაში თავისი მკაფიო პოზიცია დაფიქსირებული აქვს და დაფიქსირებული აქვს, თუ რა საკითხებში ვერ თანხმდება რუსეთთან. ერთია - ევროპაში სარაკეტო თავდაცვის სისტემები და მეორეა საქართველოს საკითხი. ამ საკითხში ალიანსს ერთიანი პოზიცია აქვს დაფიქსირებული. მთავარია არა ის, თუ რა დაერქმევა ნატო-სთან საქართველოს თანამშრომლობას, არამედ ის, თუ რა ფორმით ითანამშრომლებს საქართველო ნატოსთან და რამდენად ერთიანი იქნება ალიანსი საქართველოს საკითხთან მიმართებაში. ჩემი აზრით, ალიანსი ჩიკაგოს სამიტზეც დააფიქსირებს საქართველოსთან დამოკიდებულებას. შესაძლოა, ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებასთან მიმართებაში კარდინალური სხვაობაც არ იყოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ შინაარსობრივად ჩვენ ნატო-სთან თანამშრომლობის ახალ, ყოვლისმომცველ ეტაპზე გადავალთ. შესაძლოა, იგი ფორმით არსებულისგან, ანუ ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობისგან ბევრად არ განსხვავდებოდეს, მაგრამ შინაარსობრივად, იმდენად დატვირთული იქნება, რომ ალიანსთან ჩვენს ინტეგრაციას დააჩქარებს.

ჟურნალისტი: კობა ბენდელიანი

"ინტერპრესნიუსი"

ექსკლუზივი

უახლესი პუბლიკაცია

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

“Soft Power” - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form