დღეს აზერბაიჯანმა დაიბრუნა ტერიტორიების ნაწილი, მაგრამ ყველაზე დიდი სარგებელი მიიღო რუსეთმა, რითაც გაცილებით მეტი ზემოქმედების ბერკეტი ჩაიგდო ხელში, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, ჯიპა-ს ასოცირებულმა პროფესორმა, თენგიზ ფხალაძემ განუცხადა.
როგორც ფხალაძე აღნიშნავს, ყარაბაღის კონფლიქტი ამით არ დამთავრებულა. ამასთან, საქართველოსთვის არსებული სიტუაცია დამაფიქრებელი უნდა იყოს.
"ახალი სურათი მივიღეთ რეგიონში გუშინდელის მერე. რუსეთმა მშვენივრად მოირგო სამშვიდობოს მანტია. რეალურად მოხდა ის, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები დაბრუნდნენ აზერბაიჯანში. ჰეიდარ ალიევის დროს ხელი მოეწერა შეთანხმებას გაბალაში სამხედრო სადგურის დახურვის შესახებ და მას შემდეგ რუსეთის სამხედრო ობიექტები აზერბაიჯანში აღარ არსებობდნენ. დღეს მათ მიიღეს ის სტატუსი, რაც მათ საშუალებას აძლევს შევიდნენ აზერბაიჯანში. გუშინ, შეთანხმების ხელმოწერიდან რამდენიმე საათში სამშვიდოების ტერიტორიაზე შევლა ნიშნავს იმას, რომ ამისთვის რუსეთი დიდი ხანია ემზადებოდა. თავისთავად ცხადია, რომ რუსეთმა მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღო, მიიღო ის, რაც მას სჭირდებოდა. კერძოდ, ის, რომ აზერბაიჯანის დღევანდელი ხელისუფლება ვალშია რუსეთთან. მეორე მხრივ, მან დაანახა სომხეთს, რომ მცდელობები, გამოსულიყო რუსეთის გავლენის სფეროდან, ფაშინიანს არ გამოუვიდა.