საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პროცესებსა და 2012 წელს საქართველოს სავარაუდო საგარეო საფრთხეებზე "ინტერპრესნიუსი" გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის თავმჯდომარეს, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.
- ბატონო თენგიზ, ცნობილმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა ბზეჟინსკიმ ჟურნალ "ფორინ პოლისში "გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში, პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის გეგმებთან მიმართებაში, რამდენიმე საყურადღებო აზრი გამოთქვა - "აშშ - ის პოზიციების შესუსტების გამო საქართველო, უკრაინა და ბელორუსია საფრთხის ქვეშ არიან ", "აშშ - ის გლობალური გავლენის შესუსტება კონფლიქტების საფრთხის შემცველია ", "საქართველო რუსეთის მხრიდან პოლიტიკური დაშინებისა და სამხედრო აგრესიის კუთხით მგრძნობიარე ხდება ". რამდენად რეალურია პოსტსაბჭოთა სივრცეზე რუსეთის გავლენის ზრდის შესაძლებლობა და რუსეთის მხრიდან საქართველოს დაშინებისა და სამხედრო აგრესიის ალბათობა?
- აშშ-ში, ისევე როგორც ყველა სახელმწიფოში, კეთდება მოვლენათა განვითარების პროგნოზები და მუშავდება სცენარები, თუ რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს მოვლენები. რაც ხდებოდა მსოფლიოში 2011 წელს და განსაკუთრებით მის მეორე ნახევარში, გვაჩვენა, რომ გადატვირთვის პოლიტიკას სერიოზული პრობლემები ემუქრება და 2012 წელს გადატვირთვის პოლიტიკამ შეიძლება, არც კი იარსებოს. ეს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის სათავეში ის პოლიტიკური ძალები იქნებიან, რომლებიც ევრაზიული კავშირის შექმნაზე საუბრობენ და დასავლეთს ახალი "ცივი ომით "ემუქრებიან.