შაბათი, დეკემბერი 21, 2024
   
Text Size

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, კრიზისიდან გამოსავალი თუ...…?

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიასაკითხავია რამდენად იქნება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ქვეყანაში არსებული კრიტიკული ვითარების კრიზისის განმუხტვის საშუალება?! მიუხედავად იმისა, რომ კომისია ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, მის მიმართ უკვე მრავალი კითხვის ნიშანი გაჩნდა, რომლებზედაც პასუხის გაცემა მნიშვნელოვანწილად განაპირობებს კომისიის საქმიანობის ეფექტურობასა და საზოგადოების მოთხოვნებისადმი მის ადეკვატურობას:

1. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებას (თან ერთვის) "სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" არ აქვს ის პრეამბულა, რომელიც მიუთითებს, თუ რამ გამოიწვია კომისიის შექმნის აუცილებლობა. დოკუმენტში არ არის არც ერთი მინიშნება არათუ არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე, არამედ იმ საერთაშორისო-სამართლებრივ ვალდებულებებზეც, რომლებიც პირდაპირ მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისაგან კონსტიტუციური რეფორმის გატარებას. მაგალითისათვის, ასეთი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტია საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმა, რომლის მე-4 თავის ("ზოგადი მიზნები და საქმიანობა") პარაგრაფში "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება" ჩამოყალიბებულია მოთხოვნა პარლამენტის უფლებების გაზრდასთან დაკავშირებით.
2. სრულიად გაურკვეველია რა პრინციპით მოხდა იმ 9 არასამთავრობო ორგანიზაციის შერჩევა, რომლებსაც უფლება მიეცათ წარადგინონ თითო წევრი საკონსტიტუციო კომისიაში. საზოგადოების ფართო ჩართულობა კომისიის მუშაობაში მისი მუშაობის ლეგიტიმაციისა და საზოგადოებრივი ნდობის საწინდარია. ამდენად გასაკვირია, რომ არაერთ დაიტერესებულ საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციას არ მიეცა კომისიაში წარმომადგენლის დასახელების უფლება.
3. ბუნდოვანია, თუ როგორ უზრუნველყოფს საკონსტიტუციო კომისია ცვლილებათა პროექტის საერთო-სახალხო განხილვას. როგორი იქნება თავად განხილვის პროცედურა და რა ფორმითა და მექანიზმით ჰპოვებს ასახვას ამ განხილვის შედეგად გამოთქმული წინადადებები საბოლოო დოკუმენტში?
4. კიდევ უფრო რთულად დგას საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებათა მიღების მაღალი ლეგიტიმაციის უზრუნველყოფის შესახებ. რამდენადც ცნობილია, საუბარია პლებისციტის ჩატარებასა და შემდგომ კანონპროექტის პარლამენტში საბოლოო დამტკიცებაზე. თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პლებისციტს არ აქვს სავალდებულო ძალა. ამდენად პლებისციტგავლილი ცვლილებათა პროექტი უნდა განიხილოს და დაამტკიცოს პარლამენტმა. აქედან გამომდინარე, არ არსებობს გარანტია, რომ საპარლამენტო განხილვისას არ მოხდება პლებისციტით მხარდაჭერილ კანონპროექტში ცვლილებების შეტანა.
5. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი სავარაუდოდ 2009 წლის ბოლომდე იქნება წარმოდგენილი ფართო საზოგადოებისათვის. რის შემდეგაც უნდა მოხდეს ამ პროექტის საჯარო განხილვა და შემდგომი დამტკიცება. მაგრამ უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება ამ ცვლილებების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღის განსაზღვრის საკითხი. აქედან გამომდინარე, პარლამენტის მიერ თუნდაც იდეალური საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემთხვევაში არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები ამოქმედდება არსებულ ხელისუფლების პირობებში.
არანაკლებ საინტერესოა საკონსტიტუციო რეფორმების შინაარსობრივი მხარე. დღეისათვის არსებული ინფორმაციით იკვეთება ორი პრინციპული საკითხი.
1. როგორც კონსტიტუციონალისტები აღნიშნავენ, თუ მაღალი დემოკრატიის კოეფიციენტად პირობითად ავიღებთ "1"-ს, მაშინ საქართველოს დღევანდელი კონსტიტუციას სტივენ ფიშის კლასიფიკაციით მიესადაგება ინდექსი 0.59, რაც ცოტა მეტია ვიდრე რუსეთის, ბელორუსის, აზერბაიჯანის და ცენტრალური აზიის ქვეყნების კონსტიტუციების ინდექსი, ხოლო საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების შემდეგ ეს ინდექსი აიწევა 0.70 – მდე, რაც უახლოვდება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ინდექსებს. როგორც ცნობილია, საუბარია საპარლამენტო მართვის მოდელის შემუშავებაზე, რომლითაც პრეზიდენტს ჩამოერთმევა დღევანდელი კონსტიტუციით მინიჭებული უფლება "განახორციელოს და წარმართოს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა". ამდენად პრეზიდენტი დისატანცირებული იქნება აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან და დარჩება არბიტრად, რომლის ძირითადი ფუნქციაც იქნება სახელმწიფო ინსტიტუტების კონსტიტუციის შესაბამისად ფუნქციონირების უზრუნველყოფა. როგორც აღვნიშნეთ, რომ ეს ცვლილება ქვეყნის მართა-გამგეობის ფორმის შეცვლას გულისხმობს, რასაც უდავოდ ესაჭიროება ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი.
2. ასევე დავისა და ფუნდამენტური განხილვის საგანია ბიკამერალური (ორპალატიანი) პარლამენტის იდეაც, რაც ქვეყნის ფედერალიზაციასა და რეგიონალიზმის პრინციპების იმპლიმენტაციას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ-ჯერობით უცნობია გაიზიარებენ თუ არა ბატონ ავთანდილ დემეტრაშვილის ხედვას კომისიის სხვა წევრები, სრულიად ნათელია, რომ ამ საკითხში კომისიის თავმჯდომარის პოზიცია უაღრესად პრინციპულია. საყურადღებოა, რომ ბიკამერალური პარლამენტის იდეამ უკვე ჰპოვა ასახვა საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციაში, რომლის მე-4 მუხლის თანხმადაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების დადგომის შემდეგ პარლამენტში შეიქმნება ორი პალატა. ბუნებრივია, ისმის კითხვა: არის კი დღეს უკეთესი პირობები ორპალატიანი პარლამენტის შესაქმნელად, როდესაც 1995 წელთან შედარებით დაკარგულია გაცილებით მეტი ტერიტორია და საქართველოს სხვა რეგიონებშიც არ განელებულა სეპარატიზმის საფრთხე?! ამ მხრივ საგულისხმოა, რომ თავად ამ ინიციატივის იმდროინდელი ავტორები, რესპუბლიკური პარტია, რომელმაც კონსტიტუციის ალტერნატიული პროექტი ბიკამერალური პარლამენტის იდეით წარმოადგინა ჯერ კიდევ 1994 წელს დღეისათვის თავს იკავებს ამ საკითხზე ცალსახა პასუხის გაცემისაგან! გასათვალისწინებელია ისიც, რომ არაერთი პოლიტიკური ძალა უხეშ შეცდომად თვლის ბოლო არჩევნების შედეგად პარლამენტში ყველა ადგილის შევსებას და მიიჩნევს, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელთა ადგილები ცარიელად უნდა რჩებოდეს პარლამენტში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე.
ჩამოთვლილი პრობლემები სასწრაფო გადაჭრას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში საკონსტიტუციო კომისია არათუ ვერ ჩამოყალიბდება პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ეფექტურ საშუალებად, უფრო მეტიც, შესაძლებელია იგი საერთოდ იზოლირებული აღმოჩნდეს საზოგადოებისაგან. მოგეხსენებათ, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები უარს აცხადებენ კომისიაში საქმიანობაზე, იმავდროულად არც საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიეცათ კომისიის საქმიანობაში ფართო მონაწილეობის საშუალება. თუ ასე გაგრძელდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შესაძლოა ცალკეული პოლიტიკური ჯგუფის კონტროლის ქვეშ მოექცეს, რაც საზოგადოებრივ-პოლიტიკური დაპირისპირების ახალი ტალღის კატალიზატორად იქცევა და ფატალურ შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს

თენგიზ ფხალაძე
გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form