ორშაბათი, ოქტომბერი 07, 2024
   
Text Size

საქართველოს მიმართ რუსეთის ეკონომიკური აგრესიის განხორციელების შესაძლო ვერსიები

საქართველოს მიმართ რუსეთის ეკონომიკური აგრესიის განხორციელების შესაძლო ვერსიებისაქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, კრიზისული პერიოდების არსებობის მიუხედავად, რუსეთ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არ შეწყვეტილა, თუმცა  2006 წელს რუსეთის მიერ ქართული პროდუქციის წინააღმდეგ შემოღებული სანქციებით,  მნიშვნელოვნად შეიზღუდა. ამას დაერთო 2008 წლის ომი, რამაც ბუნებრივია ურთიერთობები კიდევ უფრო დაამძიმა.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების თითქოს გაუმჯობესების მიუხედავად, რუსეთისაგან საქართველოს მიმართ ეკონომიკური აგრესიის საფრთხეები დღემდე არსებობს. ეს საფრთხეები შეიძლება იყოს როგორც პირდაპირი, ისე - ირიბი, მით უფრო თუ  გავითვალისწინებთ, რომ დღეს  რუსეთის ბაზარი ქართველი ექსპორტიორებისთვის ხელმისაწვდომი გახდა.

კონკრეტულად სავაჭრო მიმართულებაზე თუ ვისაუბრებთ, რუსეთი საქართველოდან იმპორტის ზრდით ე.წ. "რბილ ძალას" აძლიერებს და მისი მხრიდან ეკონომიკური ზეგავლენის  შესაძლებლობას ზრდის, რათა ეს შემდგომ "საჭირო დროს" გამოიყენოს, ეს ,,საჭირო დრო" კი არც თუ ისე შორეულ მომავალზეა გათვლილი. ჩემი აზრით, საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების" ხელმოწერა რუსეთის მხრიდან  ძალის გამოყენების ალბათობას ზრდის. მას შეუძლია სხვადასხვა ფიტო–სანიტარიული, ადმინისტრაციული, ტექნიკური და ა.შ. ბარიერებით მომენტალურად ჩაკეტოს მისი ბაზარი საქართველოსთვის, რასაც უარყოფითი ფინანსური ეფექტი ექნება ზოგადად ქვეყნისთვის და კონკრეტულად ქართველი ექსპორტიორებისთვის. ქართველი მწარმოებელი ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვნად დაზარალდება, რადგან  საკუთარი გადაწყვეტილებით ან იძულებით მოუწევს რუსეთში შეტანილი პროდუქციის ჩამოწერა.

რუსეთ–საქართველოს შორის ჯერ კიდევ არსებული დაძაბული ურთიერთობების ფონზე რუსული კაპიტალდაბანდებები ყოველწლიურად იზრდება, რაც თავის მხრივ ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის დადებითი მოვლენაა, თუმცა აღნიშნული ინვესტიციების ისეთ სტრატეგიულ სექტორებში განთავსება  როგორიცაა ფინანსური სექტორი, ენერგეტიკული სექტორი და სხვა ვფიქრობ რუსეთის მხარეს ეკონომიკური ექსპანსიის საშუალებას და გარკვეული ეკონომიკური მანევრირებების შესაძლებლობას მისცემს.

რუსეთმა შესაძლოა მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოდან გაიტანოს საკუთარი ინვესტიციები, რაც საქართველოში  მაკროეკონომიკურ რყევებს გამოიწვევს. უფრო კონკრეტულად, თუ საქართველოში მოღვაწე რუსული კომპანიები შეწყვეტენ ოპერირებას, მაშინ ამ კომპანიებში დასაქმებული მუშახელი უმუშევარი დარჩება და საერთო სამუშაო ძალაში უმუშევრობის ხვედრითი წილი კიდევ უფრო გაიზრდება.

ამასთანავე, ვინაიდან რუსული კომპანიები ქართულ ბაზარზე  საკმაოდ მრავლად არიან წარმოდგენილნი, მათი დახურვით  ქვეყნის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ნაწილი მნიშვნელოვნად შემცირდება და შესაბამისად  არსებული საბიუჯეტო დეფიციტი კიდევ უფრო გაიზრდება. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ რუსული კომპანიები თავიან აქციებს გაყიდიან, ქართული ეკონომიკისთვის ნაკლებად ან საერთოდ არ იქნება მტკივნეული. ამ შემთხვევაში ეკონომიკისთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს კონკრეტული კომპანიის მფლობელის ვინაობას, რადგან კაპიტალი დარჩება საქართველოში და საწარმოო-კომერციული დაწესებულებები გააგრძელებენ ფუნქციონირებას.   აქვე ავღნიშნავ იმასაც, რომ ბევრი რუსული ფირმა, რომელიც ახორციელებს პირდაპირ ინვესტიციებს საქართველოში, დარეგისტრირებულია ე. წ. ოფშორულ ზონებში და ამის გამო პრაქტიკულად შეუძლებელია შესაბამისი თანხების წარმომავლობის დადგენა. აქიდან გამომდინარე რისკი იმისა, რომ რუსული კაპიტალის მოცულობა და მასზე საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება გაიზარდოს ძალზედ მაღალია. თუ გავიხსენებთ ჩუბაისის ცნობილ კონცეფციას "ლიბერალური იმპერიის" შექმნის შესახებ, რომლის მიზანია ეკონომიკური ექსპანსიის გზით ყოფილ საბჭოთა სივრცეზე ეკონომიკური გავლენის აღდგენა, საქართველოს მიმართ რუსეთის ეკონომიკური პოლიტიკაც დიდი ალბათობით შესაძლებელია ამ კონცეფციის ნაწილი იყოს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთოდ სამხრეთ კავკასიაში. უპირატესობა ამ მხრივ პირველ რიგში ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სფეროებში ექსპანსიას ენიჭება.

გარდა ზემოაღნიშნულისა, რუსეთის მთავრობამ შესაძლოა რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ქართველები, რომლებიც სხვადასხვა საქმიანობით ირჩენენ თავს და  გარკვეულ დახმარებას უწევენ ახლობელთა ოჯახებს საქართველოში, გამოაძევოს თავისი ქვეყნიდან. (ამის  სამწუხარო გამოცდილება უკვე გვაქვს 2006 წელს განხორციელებული დეპორტაციის სახით). ასეთ შემთხვევაში აუცილებლად შემცირდება რუსეთიდან  საქართველოში კერძო ფულადი ნაკადები  და უმუშევართა ხვედრითი წილი სამუშაო ძალაში უფრო მეტად გაიზრდება.

მოგეხსენებათ საქართველოს მთავრობის განცხადებით დაგეგმილია ანაკლიაში ახალი პორტის  მშენებლობა, რომელიც 100% -ით უცხოური ინვენსტიციით უნდა განხორციელდეს. დაგეგმილი პორტის მშენებლობა, მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა რუსეთის მხარემ თავის საზღვარზე  პროვოკაციების მოწყობის გზით შეაფერხოს,  დააფრთხოს ანაკლიის პორტის მშენებელი ინვესტორები და ეს პროექტიც  ჩააგდოს. აღნიშნული პროვოკაციების მოწყობა რუსეთის მხარეს შეეძლო  ადრეც, თუმცა  ეს ქმედება თავად რუსეთისთვის არ იქნებოდა მომგებიანი სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის მოახლოების გამო.

რუსეთის ეკონომიკური აგრესიის ერთ-ერთ პირველ გამოვლენად შეიძლება ჩაითვალოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება 1994 წელის 3 თებერვალს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით. აღნიშნული პროექტი არ გულისხმობს სავაჭრო აკრძალვას, კვოტირების სისტემის შემოღებას  და არც რაიმე სხვა სავაჭრო არასატარიფო შეზღუდვას,  გულისხხმობს მხოლოდ საბაჟო წესით დაბეგვრას. რუსეთის ფედერაციასთან თავისუფალი სავაჭრო ზონის გაუქმებას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის დამანგრეველი ეფექტი ნამდვილად არ ექნება, რადგან აღნიშნულმა ბაზარმა ჯერ კიდევ 2006 წლის შემდეგ ნდობა მნიშვნელოვნად დაკარგა,  შესაბამისად  მასზე ქართველი მეწარმეებიც შედარებით ნაკლებ აქცენტს აკეთებენ. თუმცა ზოგადად ქვეყნისთვის და კონკრეტულად ქართველი ექსპორტიორებისთვის  რუსეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაუქმებას გარკვეული უარყოფითი ფინანსური ეფექტი ცხადი ექნება. რუსეთის ბაზარზე ორიენტირებული ქართველი მწარმოებლები  ფინანსურად მნიშვნელოვნად დაზარალდებიან,

რუსეთ-საქართელოს სავაჭრო ურთიერთობები ძირითადად მოიცავს საქართველოდან  ალკოჰოლური და მინერალური სასმელებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტს. თავისუფალი სავაჭრო ზონის გაუქმება გამოიწვევს ქართული საექსპორტო წარმოების ხარჯების ზრდას, რაც თავის მხრივ ასახვას ჰპოვებს რუსეთის ფედერაციაში შეტანილი პროდუქციის ფასის ზრდაზე. იმ შემთხვევაში თუ  ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა ნაკლებად ელასტიური იქნება, ის არ გამოიწვევს საექსპორტო მოცულობის შემცირებას, მაგრამ თუ მოთხოვნა ფასის ზრდის პარალელურად შემცირდება, ამ შემთხვევეაში ნამდვილად გამოიწვევს ქართული პროდუქციის მიწოდების შემცირებას რის შედეგად ფინანსურად დაზარალდებიან მეწარმეები. სხვა რაიმე მკვეთრი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე ვერ ექნება. რუსეთის ფედერაციის მხრიდან ინიცირებული საკითხი შესაძლოა ჩაითვალოს პასუხად საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერით. მოგეხსენებათ,  პარლამენტის მხრიდან ევროკავშირთან ხელმოწერილი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირება უნდა მოხდეს მიმდინარე წლის სექტემბერში. სავარაუდოდ ამის შემდეგ შესაძლოა  რუსეთის მხარემ უფრო მეტად შეზღუდოს სავაჭრო ურთიერთობები საქართველოსთან.

რუსეთის მხრიდან ეკონომიკური აგრესიის თავიდან სრულად აცილებისათვის რაიმე მზა ქმედებათა ერთობლიობის შემუშავება რთული იქნება, თუმცა აღნიშნული პოტენციური ეკონომიკური აგრესიის პროგნოზირება მეტ–ნაკლებად შესაძლებელია, ხოლო მისი მაშტაბურობის შემცირებისათვის სახელმწიფომ გარკვეული პრევენციული ღონისძიებები უნდა გაატაროს, რომელიც შეამცირებს მომავალში რუსული ბაზრის ჩაკეტვის შედეგად გამოწვეულ უარყოფით შედეგებს.

აღნიშნული პროცესები კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის სწორ გადაწყვეტილებას ევროკავშირის ბაზარზე ორიენტირებულობის მხრივ. მთავრობა მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს ქართული ეკონომიკის აგენტების ევროკავშირის ბაზრებზე შეღწევის გაიოლების საქმეში.

ირაკლი დანელია. ეკონომისტი.

გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი