პარასკევი, აპრილი 19, 2024
   
Text Size

SOFT POWER - რუსული პოლიტიკის თანამედროვე იარაღი

SOFT POWER - რუსული პოლიტიკის თანამედროვე იარაღიროდის და რატომ გადაწყვიტა პუტინმა საქართველოს გამთლიანება? ან რატომ გაკეთდა ეს განცხადება იმისათვის, რომ „დარბაზიდან გასულიყო“? უკანასკნელ პერიოდში რუსეთის ოფიციოზი ხშირად საუბრობს საქართველოსთან „ახალ ურთიერთობებზე“. მოსკოვი ცდილობს შექმნას კონსტრუქციული პარტნიორის იმიჯი და დაარწმუნოს საერთაშორისო საზოგადოება საკუთარ ჰუმანურობასა და კეთილმეზობლური ურთიერთობების სურვილში. ბუნებრივია, აღნიშნულს შორსმიმავალი მიზნები აქვს. მოსკოვმა არაერთხელ ღიად განაცხადა საკუთარი ამბიციის შესახებ, გახდეს ევროპული უსაფრთხოების ახალი სისტემის მთავარი შემოქმედი და არქიტექტორი. კრემლმა უკვე წარმოადგინა საკუთარი კონცეფცია აღნიშნულთან დაკავშირებით. მაგრამ ამ ინიციატივამ სასურველი რეზონანსი ჯერაც ვერ მოიპოვა. ბუნებრივია, დასავლეთი ვერ აღიარებს უსაფრთხოების ახალი სისტემის არქიტექტორად ქვეყანას, რომელსაც მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორია აქვს ანექსირებული.

აქედან გამომდინარე, რუს პოლიტიკოსებს ახალი საზრუნავი გაუჩნდათ - შექმნან საკუთარი ქვეყნის ახალი, დასავლეთისათვის მისაღები იმიჯი და იმავდროულად გააძლიერონ მეზობლებზე ზეგავლენის მექნიზმები. აღნიშნულის მისაღწევად კრემლმა საკუთარ პოლიტიკურ არსენალში ცვლილებები შეიტანა. უპირველეს ყოვლისა ეს ეხება „რბილი ძალის“ (SOFT POWER) დანერგვას რუსულ საგარეო პოლიტიკაში.

SOFT POWER-ის კონცეფციის შემოქმედად მიჩნეულია ამერიკელი მეცნიერი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ჯოზეფ ნაი (Joseph Nye). 2004 წელს წიგნში „რბილი ძალა - მსოფლიო პოლიტიკაში მიზნის მიღწევის საშუალება“ (Soft Power: The Means to Success in World Politics) ნეიმ სრულად წარმოადგინა აღნიშნული კონცეფცია. „უხეში ძალის“ თეორიისაგან განსხვავებით, რომელიც იძულებისა და ზეწოლის მექნიზმებს იყენებს, „რბილი ძალის“ თეორია სასურველი მიზანის მისაღწევად თანამშრომლობისა და მიმზიდველობის მექანიზმებს ეფუძნება და იდეოლოგიურ-ინტელექტუალურ რესურსებს ანიჭებს უპირატესობას.

ერთადერთი, რაც ძირეულად განასხვავებს SOFT POWER-ის რუსულ ინტერპრეტაციას ტრადიციულისაგან არის ის, რომ რუსეთი ცდილობს აკონტროლოს და მართოს საკუთარი „რბილი ძალა“ სახელმწიფო სტრუქტურების მაქსიმალური მონაწილეობით. ამისათვის გამოიყენება როგორც სახელმწიფო ინსტიტუტები, ასევე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ბიუჯეტი. „რბილი ძალის“ განხორციელებაში ჩართულია რუსული მედიაც და ისეთი ერთი შეხედვით საზოგადოებრივი ორგანიზაციები, როგორიცაა ფონდი „რუსსკი მირ“. ასეთი ორგანიზაციები ფინანსდება ფედერალური ბიუჯეტიდან და შესაბამისად დაკვეთასაც სახელმწიფოსაგან იღებს. ამ ორგანიზაციების საქმიანობის ასპექტები ასახულია რუსეთის საგარეო პოლიტიკის ძირეულ დოკუმენტებში, როგორებიცაა საგარეო პოლიტიკის მიმართულებები, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოველწლიური ანგარიში, თანამემამულეთა დაცვის სახელმწიფო პროგრამა და სხვ. ამდენად რუსული „SOFT POWER“ ოფიციალური მოსკოვის მიერ განხორციელებული სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ ინსტრუმენტია, რომელიც არა ზოგადად ფასეულობების გავრცელებას, არამედ კრემლისა და რუსეთის მმართველი ელიტის ინტერესებს ემსახურება და გამოიყენება, როგორც ეს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშშია აღნიშნული, „მსოფლიოში რუსეთის საიფორმაციო-კულტურული ზეგავლენის“ მისაღწევად.

2007 წელს რუსეთის საგარეო პოლიტიკის მიმოხილვაში პირველად გამოჩნდა „საგარეო პოლიტიკის ჰუმანიტარული მიმართულება“. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ დოკუმენტში არაორაზროვნადაა მითითებული, რომ კულტურა, განათლება და მეცნიერება, საზღვარგარეთ თანამემამულეთა ინტერესების დაცვა, საკონსულო საქმიანობა და რუსული მედია წარმოადგენს რუსეთის საგარეო პოლიტიკის განხორციელების ინსტრუმენტებს. ამ საშუალებებს მოსკოვი მუდმივად იყენებს მეზობელ ქვეყნებზე საკუთარი ზეგავლენის გასაძლიერებლად. მაგალითისათვის, „თანამემამულეთა დაცვა“ - სწორედ ის მოტივია, რითაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე საკუთარი შეირაღებული ძალები შემოიყვანა. სწორედ „თანამემამულეებზე ზრუნვის“ საბაბით განხორციელდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მოსახლეობის უკანონო პასპორტიზაცია. თუმცა იმ პერიოდში, რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში მიზნის მისაღწევად უფრო „უხეში ძალის“ მეთოდოლოგიის გამოყენებას ამჯობინებდა.

პუტინის ზემოხსენებული განცხადება „საქართველოს გამთლიანების“ შესახებ SOFT POWER -ის „რუსული ინტერპრეტაციის“ აშკარა მაგალითია. ერთის მხრივ რუსეთის პრემიერი ყველას, და მათ შორის დასავლეთის, გასაგონად აღნიშნავს, რომ „კონსტუქციულადაა“ განწყობილი საქართველოს მიმართ და მზადაა დიალოგისათვის, ხოლო მეორე მხრივ, ხაზს უსვამს საკუთარ „ძლევამოსილებას“ - როცა მოგვინდება მაშინ წაგართმევთ ან დაგიბრუნებთ ტერიტორიებსო!

SOFT POWER-ის გამოხატულებაა ის გარემოც, სადაც ამ სიტყვები წარმოითქვა. წვეულებას მოსკოვში მოღვაწე ბევრი ცნობილი ქართველი ესწრებოდა და პუტინის გამოსვლის შემდეგ დარბაზში რევაზ ლაღიძის „თბილისომაც“ კი გაიჟღერა! თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი განცხადებები „შემთხვევით“ არ კეთდება. მით უმეტეს, ევგენი პრიმაკოვი ის პიროვნებაა, რომელიც დავალებებს მხოლოდ „პიარისა“ და რეკლამისათვის არ იღებს, თანაც საკუთარ დაბადების დღის აღსანიშნავად მოწყობილ საზეიმო წვეულებაზე! როგორც ჩანს ბატონ პუტინს საქართველოსთან მიმართებაში ახალი „საშინაო დავალებაა“ აქვს მომზადებული, რომლის განხორციელებასაც სწორედ რომ „რბილი ძალის“ მეთოდოლოგიის გამოყენებითაც შეეცდება. „SOFT POWER“-ის მექნიზმი უკვე შესწავლილი და დამუშავებულია რუსეთის სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში. უფრო მეტიც, იგი აპრობირებულიცაა რუსეთის მეზობელ სხვადასხვა სახელმწიფოში, როგორებიცაა ბალტიის ქვეყნები, მოლდოვა და უკრაინა. ამდენად სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში მოხდება მისი გამოყენება საქართველოსთან მიმართებაშიც.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, რუსული „რბილი ძალის“ კონცეფცია განსხვავდება ამერიკული ორიგინალისაგან. იგი წარმოადგენს იმ ინსტრუმენტს, რომლითაც კრემლი საკუთარი საგარეო პოლიტიკის იდეოლოგიურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას ახდენს. დასავლური და რუსული SOFT POWER-ის სხვაობა, უპირველეს ყოვლისა არის იდეოლოგიური ჭიდილი დასავლურ ღირებულებებსა და „ველიკორუსულ ფასეულობებს“ შორის. „რბილი ძალის“ იმპლიმენტაციის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია რუსეთის ფედერაციის „კანონი თანამემამულეთა შესახებ“, სადაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა მოქალაქე პოტენციურ „თანამემამულედ“ მოიაზრება.

ამდენად გამოწვევა საკმაოდ სერიოზულია და მას სრულფასოვანი შესწავლა და შესაბამისი პრევენციის მექანიზმის შექმნა სჭირდება.

თენგიზ ფხალაძე

გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form