ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
   
Text Size

მეტი მოქნილობა გვმართებს და კონფლიქტების მოგვარების სცენარებიც თბილისში უნდა დაიწეროს

მეტი მოქნილობა გვმართებს და კონფლიქტების მოგვარების სცენარებიც თბილისში უნდა დაიწეროს 2008 წლის აგვისტოს ომის მესამე წლისთავზე, საერთაშორისო ასპარეზზე შექმნილ ვითარებაზე, აფხაზეთისა და ე . წ . სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების სავარაუდო პერსპერქტივებზე "ინტერპრესნიუსი" გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის თავმჯდომარეს, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა .

- ბატონო თენგიზ, 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან სამი წლის თავზე, პრეზიდენტმა მედვედევმა "ეხო მასკოვის", "რაშა თუდეისა" და "პირველ კავკასიურს "2008 წლის აგვისტოს მოვლენეზე, ომის შედეგებსა და საქართველოსთან მიმართებაში კრემლის სავარაუდო პერსპექტივებზე ვრცელი ინტერვიუ მისცა . როგორ შეაფასებდით პრეზიდენტ მედვედევის, ერთი მხრივ, ეკლეკტიკურ, მაგრამ იმავდროულად მრავალმხრივ საყურადღებო მტკიცებებსა და განცხადებებს იმის შესახებ, რომ თუ სააკაშვილის ხელისუფლება შეიცვალა, კრემლი მზად იქნება, საქართველოს ნებისმიერ ხელისუფალს ელაპარაკოს ისეთ თემებზეც კი, როგორიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემებია ?

- ეს იყო რუსეთის მმართველი გუნდის რეაქცია საქართველოს საკითხზე აშშ-ის სენატის რეზოლუციასთან მიმართებაში. რეაქციის გასახმოვანებლად, როგორც წესი, მოიაზრება ორი ადამიანი, ერთია მედვედევი, მეორე - პუტინი. ამ შემთხვევაში მომგებიანად ჩაითვალა, "ლიბერალური პრეზიდენტის"(როგორც იგი თავის თავს უწოდებს) პოზიციის დაფიქსირება. ამით კრემლმა ხაზი გაუსვა მმართველი ელიტის ერთსულოვნებას საქართველოს საკითხში. ჩემი აზრით, მედიასაშუალებებიც საგანგებოდ იყო შერჩეული. სამივე ამ მედიასაშუალებების მაყურებულებისთვის, პირობითად ფოკუს-ჯგუფებისათვის მედვედევთან ინტერვიუს უნდა დაემტკიცებინა, რომ დღევანდელ მოსკოვს არ აინტერესებს სენატის რეზოლუცია, არ აინტერესებს, რას ამბობს საერთაშორისო თანამეგობრობა, აკეთებს და ყოველთვის გააკეთებს, რაც თავად მოეპრიანება.

ჩემი შეფასებით, სამივე მიმართულებით მედვედევს პასუხები საკმაოდ უკბილო გამოუვიდა და პირობით ფოკუს-ჯგუფებში საკმაოდ უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ამაზე კარგად მეტყველებს "ეხო მასკვის" საიტზე მიმდინარე გამოკითხვა, სადაც უმრავლესობა უფრო დამაჯერებლად მიიჩნევს არა მედვედევის, არამედ სააკაშვილის არგუმენტებს. გარდა ამისა, მედვედევი ინტერვიუში ეწინააღმდეგება საკუთარ თავს და ურთიერთგამომრიცხავ მოსაზრებებს ავითარებს. ერთგან ამბობს, რომ რუსეთისა და ევროკავშირის ხედვა საქართველოს საკითხში განსხვავდება, ხოლო ცოტა მოგვიანებით აღნიშნავს, რომ საქართველოს თემა ევროკავშირის ქვეყნებთან ურთიერთობაში საერთოდ არ ფიგურირებს. ასეთი ლაფსუსები, ისევე როგორც ფაქტების დამახინჯება, ინტერვიუში ბევრია. მაგრამ, მე მთავრი მაინც სხვა რამე მგონია. თუ ინტერვიუს საქართველოს ხელისუფლების ლამძღვისა და პროპაგანდისტულ ნაწილს ამოვიღებთ, მივიღებთ შემდეგ რეალობას _ რუსეთზე გამაღიზიანებლად მოქმედებს საერთაშორისო ასპარეზზე პროქართული რიტორიკის ნაბი-ნაბიჯ დამკვიდრება. რუსეთი კვლავაც რჩება ნეოსაბჭოური, ჩეკისტური ელიტის ტყვეობაში და 2012 წლის არჩევნებით ძალიან ძნელი იქნება ამ ელიტის შეცვლა. რუსეთი კვლავაც იბრძოლებს ზეგავლენის შესანარჩუნებლად და მისთვის კომფორტულია ვითარება, როცა მოლაპარაკებები მისი სცენარით მიმდინარეობს და შედეგზე კი არ არის ორიენტირებულია, არამედ დროის მაქსიმალურ გაწელვაზე. ეს უკანასკნელი მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოსთან მიმართებაში ახალი ხედვა საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ მოვლენათა განვითარების სცენარები საგულდაგულოდ მუშავდება. ჩემი აზრით, კრემლი ამ სცენარების რეალიზებას მაქსიმალურად მოკლე ვადებში შეეცდება. კრემლის ამ ქმედებებს ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ მოვლენათა განვითარების ჩვენეული სტრატეგია და საკუთარი ინტელექტუალური პროდუქტი. რადგან, მძიმეწონიან მოწინააღმდეგეს მხოლოდ აზროვნების სისხარტით შეიძლება მოერიო.

- პრეზიდენტმა მედვედევმა კი თქვა, რომ არც სენატის და არც ევროკავშირის აზრი არ აინტერესებს, მაგრამ აგვისტოს ომის შედეგებთან დაკავშირებით აშშ - ის სენატსა და ევროსტრუქტურებს საქართველოს მხარდამჭერი არა ერთი რეზოლუცია და განცხადებები აქვს მიღებული . ფაქტია, რომ რუსეთი ოკუპურებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეოკუპაციის პროცესის დაწყებას არ აპირებს . მეტიც, რუსეთის პრემიერ - მინისტრმა პუტინმა სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში შესვლაც არ გამორიცხა . თქვენ აზრით, რას შეიძლება ნიშნავდეს რუსეთთან მიმართებაში საქართველოს საკითხში დასავლეთის, რბილად რომ ვთქვათ, უხერხემლობა ? თუ იგივე ვაშინგტონი და ბრიუსელი მოსკოვისგან რეალურად ითხოვენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანას, რატომ ვერ ხერხდება ვითარების მკვდარი წერტილიდან დაძვრა ?

- ეს გახლავთ ხანგრძლივი პროცესი, რომელიც მოითხოვს ნერვებს და ცივი გონებით მოქმედებას. პოლიტიკაში, საქმის მკვდარი წერტილიდან დაძვრა მაშინ ხდება ხილული, როდესაც პოზიციები შეჯერებულია, ფაქტობრივი გადაწყვეტილება მიღებულია და საქმე მის ოფიციალურ გაფორმებასა და იმპლემენტაციაზე დგას. სამწუხაროდ, ჩვენ დღეს სხვა რეალობაში ვიმყოფებით და შეჭიდებულები ვართ მრავალწახნაგოვან პრობლემას, რომლის მთლიანი კვინტესენცია ჯერ კიდევ შესასწავლი და გასააზრებელია. ამ მხრივ პირველი ნაბიჯები იდგმება. საქართველოს საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მიღებული რეზოლუციებისა და განცხადებების მიღებას გარკვეული დრო და ძალისხმევა დასჭირდა. გახსოვთ ალბათ, რომ აგვისტოს შემდეგ, ბევრი საუბრობდა ახალ რეალობაზე, მაგრამ რუსეთის ხედვით ახალი რეალობა ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ჩვენი ხედვით კი - ოკუპირებული ტერიტორიები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. სამი წლის განმავლობაში მოხერხდა ის, რომ ტერმინი "ძალის არაპროპორციული გამოყენება", შეიცვალა ტერმნინით "ოკუპაცია" . ეს არ არის უმნიშვნელო მიღწევა, თუმცა ეს მხოლოდ პირველი ეტაპია, რაც გულისხმობს პარტნიორ ქვეყნებთან პოზიციების შეჯერებას და საერთასორისო პრაქტიკაში ჩვენთვის სასურველი ტერმინოლოგიის დამკვიდრებას. თუმცა, ერთია ოკუპაციის თემა და კიდევ სხვა თემაა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამემამულეებთან და თანამოქალაქეებთან ურთიერთობა. საქართველომ ამ ტერიტორიების დეიზოლაციის გზა აირჩია, მაგრამ, როგორ უნდა მოხდეს დეიზოლაცია და როგორ უნდა განვახორციელოთ ჩართულობის სტრატეგია ამაზე სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია და, უპირველეს ყოვლისა, სწორედ დასავლეთთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. კიდევ ცალკე საკითხია რუსეთთან ურთიერთობა, ტერიტორიული მთლიანობის აღიარება არ ნიშნავს აღიარების უკან წაღებას და არც აღიარების დემონსტარცია არ ნიშნავს პრობლემის საბოლოოდ მოგვარებას. ასე რომ, შავი სამუშაო საკმაოდა გვაქვს ჩასატარებელი, რომ "ლოდი ადგილიდან დაიძრას" და თანაც ჩვენთვის სასურველი მიმართულებით და თანაც, წინასწარგანსაზღრული მიმართულებით გაგორდეს.

- თქვენი აზრით, როგორ შეიძლება ერთმანეთთან შევათავსოთ საქართველოს საკითხში რუსეთის მიმართ ვაშინგტონისა და ბრიუსელის მკაცრი რიტორიკა, თბილისისადმი მათივე მთავარ გზავნილთან - როგორმე მოვაწესრიგოთ ურთიერთობები მოსკოვთან ? სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, სად გადის ზღვარი ამერიკულ - ევროპულ ემოციებსა და იმავე ევროპულ - ამერიკულ რეალიზმს შორის ?

- ეს ზღვარი გადის იქ, სადაც იწყება პოლიტიკა. მოსკოვის მიმართ მკაცრი რიტორიკა და თბილისისადმი მოწოდებები ერთი მედლის ორი მხარეა და პრაგმატული მოსაზრებებით არის ნაკარნახევი. ფაქტობრივად, ამ გზვნილით დასავლეთი ხაზს უსვამს, რომ მისთვის მიუღებელია თანამედროვე მსოფლიოს გავლენის სფეროებად დაყოფა და სუვერენული სახელმწიფოების მიმართ ისეთი პოლიტიკის განხორციელება, რომელსაც მოსკოვი ახორციელებს, მაგრამ, იმავდროულად, მიგვანიშნებს, რომ ყველა სადაო საკითხი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და აღარ უნდა დაბრუნდეს "ცივი ომის" ეპოქა. დასავლეთს საკუთარი პრაგმატული ინტერესები აქვს, მათ შორის რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში. დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია რუსეთთან არსებული ეკონომიკური კავშირები, ენერგეტიკული და სხვა რესურსები. იმავდროულად, რუსეთი ბირთული იარაღის ქვეყანა გახლავთ, რაც უდაოდ ანგარიშგასაწევი გარემოებაა. ამიტომაც, დასავლური პრაგმატიზმიც იმაში მდგომარეობს, რომ დასავლური სახელმწიფოები უპირველეს ყოვლისა საკუთარი ინტერესებით მოქმედებენ, რაშიც დემოკრატიული ფასეულობების დაცვაც იგულისხმება, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაც და იმავდროილად რუსეთთან თანამშრომლობის შენარჩუნებაც. ამის ნათელი მაგალითია ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია.

- არავინ უარყოფს, რომ დასავლეთი საქართველოსადმი სიმპატიებს გამოხატავს და საკმარისად ეხმარება, საქართველოს თავისი კონკრეტული ადგილი აქვს მიჩენილი საერთაშორისო ურთიერთობებში, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ საქართველოს საკითხში, კერძოდ, 2008 წლის ომის შედეგების გამოსწორების თვალსაზრისით, რეალურად, ჩიხური ვითარებაა .

იზიარებთ თუ არა იმ ექსპერტთა მოსაზრებას, რომ 2008 წლის ომის შედეგებთან დაკავშირებით ვითარება მანამდე არ შეიცვლება, ვიდრე მსოფლიოს სამ ძირითად მოთამაშეებს, ამერიკა - ევროპა - რუსეთს შორის ურთიერთობები არ დალაგდება ?

- ეს, უდაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია და სწორედ ამიტომაც დაიწყო გადატვირთვის პოლიტიკა. რა თქმა უნდა, ამერიკა-რუსეთის, თუ ევროპა-რუსეთის ურთიერთობებზე ბევრად არის და იქნება დამოკიდებული თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივა. რუსეთში ანტიდასავლური ფობია საკმაოდ პოპულარულია და არსებული რეჟიმის მიერ თავისი ამოცანების განსახორციელებლად წარმატებით გამოიყენება. რაც მალე დაიმსხვრევა "ცივი ომის" პერიოდის სტერეოტიპები, მით უფრო მეტი სივრცე გაჩნდება თანამშრომლობისთვის. ასეთ ვითარებაში რუსეთში საქართველოს ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებებიც აღარ იქნება საფრთხედ აღქმული. იგი აღქმული იქნება, როგორც ქვეყნის მოდერნიზაციის, აღმშენებლობისა და განვითარების ოპტიმალური გზა, რაც თავად რუსეთისათვის სამხრეთ საზღვრებზე წარმატებული პარტნიორის არსებობას გულისხმობს. მაგრამ, აქამდე მისვლა ადვილი არ არის. ამას სჭირდება დრო და - საკმაოდ რთული გზაა. მაგრამ, გადატვირთვის პოლიტიკას არ შეიძლება ალტერნატივა ჰქონდეს და მის წარმატებაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. მაგრამ, იმავდროულად ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პროცესის მიმდინარეობისას ჩვენ მოსაცდელში უნდა ვისხდეთ და ველოდოთ სანამ "უფროსები" არ მოილაპარაკებენ და შემდეგ მათ ვერდიქტს უსიტყვოდ დავემორჩილებით. ის, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ვითარება, მეტწილად სწორედ ჩვენზე, ჩვენს აქტივობასა და გამჭრიახობაზეა დამოკიდებული. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში მთავარია არა, ბირთული არსენალი, ტერიტორიის სიდედე და ბუნებრივი რესურსები, არამედ ქვეყნის განვითარების დონე და ძლერ ინტელექტუალური პოტენციალი. ამის დასტურად სკანდინავიისა და ბენელუქსის ქვეყნების მაგალითიც გამოდგება. ამიტომაც, ჩვენი მომავალი, უმეტეს წილად, სწორედ ჩვენს მუყაითობაზე და ჩვენსავე შორსმჭვრეტელობაზე იქნება დამოკიდებული.

- ძნელი სავარაუდოა, უახლოეს მომავალში როგორ დალაგდება ურთიერთობები ევროპა - ამერიკა - რუსეთს შორის, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამერიკის გარკვეულ პოლიტიკურ წრეებში და უფრო მეტად ევროპის წამყვან ბევრ ქვეყანაში, ევრაზიის სივრცეში, უფრო სწორად, პოსტსაბჭოთა სივრცეში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ქვეყნად კვლავ რუსეთს მოიაზრებენ . მსოფლიო პოლიტიკის აქტორებმა პოსტსაბჭოთა სივრცე თუ რუსეთის პასუხიმგებლობის ზონად განსაზღვრეს, უდავოა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხები სწორედ კრემლის სცენარით გადაწყდება . თუ პროცესები ამ სცენარით განვითარდა მოქმედების რა გეგმა შეიძლება აირჩიოს საქართველომ ? ეს იმ შემთხვევაში თუ ოფიციალურ თბილისს არჩევანის საშუალება საერთოდ ექნა . . .

- მსგავსი მოსაზრებები მეოცე საუკუნის დანატოვარია და, ძირითადად, იმ პოლიტიკოსებსა და პოლიტოლოგებს ახასიათებთ, რომლებმაც ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი "ცივი ომის" რეალობასა და კლიშეების ეპოქაში გაატარეს. დღეს სხვა ვითარებაა, მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ 21-ე საუკუნე თანამშრომლობის ეპოქის დასაწყისია. ასეთი ეპოქისთვის პასუხიმგებლობის ზონების არსებობა სრული ანქრონიზმია. ასეთივე ანაქრონიზმია ჩვენი პრობლემების მაგიური გასაღების მოსკოვში, ვაშინგტონსა თუ ბრიუსელში ძებნა. ჩვენ უნდა ვირწმუნოთ, რომ ჩვენი პრობლემა ჩვენივე მოსაგვარებელია და მეგობრებს მხოლოდ დახმარება და ჩვენი აქტივობის წახალისება შეუძლიათ. ბუნებრივია, დასავლეთი დაინტერესებულია რეგიონში სტაბილურობით, უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიებით, მაგრამ ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ მოგვარდება კონფლიქტებთან დაკავშირებული პრობლემები. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების სცენარი ჩვენი შესაქმნელია და არა რომელიმე სხვა სახელმწიფოსი. ამ მხრივ, კარგი მაგალითია გერმანია და გერმანიის გაერთიანების ისტორია. გერმანიის გაერთიანება იმიტომაც მოხდა, რომ ამ ქვეყანამ თავად მოახერხა შიდა რესურსების მაქსიმალური მობილიზაცია, ასევე თავად ჩამოაყალიბა პრობლემის მოგვარების რეალური ხედვა და იბრძოლა ამ რეალობის შესაქმნელად. რასაკვირველია, მას სხვა ქვეყნები დაეხმარნენ, მაგრამ გერმანიამ თავის გასაკეთებელი თავად გააკეთა.

- ამერიკა - ევროპა - რუსეთს შორის "გადატვირთვის " სხვადასხვა ფორმულების მოსინჯვას რეალური სახე აქვს მიღებული, რაც თავის მხრივ, გარდა იმისა, რომ ტურბულენტური, დელიკატური და იმავდროულად ხისტი პროცესია, რომელიც კონიუქტურული ხასიათის გარიგებებითაც გამოირჩევა, უპრიანი ხომ არაა, ქართულმა დიპლომატიამ ახლა იმაზე იზრუნოს, თუ როგორ შეიძლება საქართველოს საგარეო პოლიტიკაში "გადატვირთვის " ელემენტების შეტანა და რეალიზება ?

- ტურბულენტობა ჩვენთვის უცხო ხილი ნამდვილად არ არის. მთავარია, ჩვენი ისტორიიდან სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. დღეისათვის, ქვეყნის განვითარების არჩეულ სტრატეგიას სხვა ალტერნატივა არა აქვს. ევროატლანტუიკური ინტეგრაცია და დემოკრატიული განვითარება ეს ის გზაა, რომლითაც საქართველომ უნდა იაროს. რაც შეეხება ტაქტიკურ მხარეს, აქ ბუნებრივია, რომ მეტი მოქნილობა გვმართებს და კონფლიქტების მოგვარების სცენარებიც თბილისში უნდა დაიწეროს. ამ პროცესში მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული საზოგადოება. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს პროცესებში თანამონაწილეობის განცდა. ჩვენი წარმატება ქვეყანაში არსებული ინტელექტუალური რესურსის მაქსიმალურ გამოყენებას და ამ რესურსის კიდევ უფრო გაძლიერებას უნდა ეფუძნებოდეს. ვებერის სიტყვებია _ თუ მოწინააღმდეგე შენზე ძლიერია, შენი მოქმედება მისი აზროვნების ფარგლებს უნდა გაცდეს. ჩვენ დღეს ისეთ ბრძოლაში ვიმყოფებით, როცა კალამი უფრო ეფექტურია, ვიდრე - ქვემეხი. ეს ხანგრძლივი პროცესია და წარმატება მოკლე დროში არ მიიღწევა. შესაბამისად, ბლიცზე არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული და მარათონისთვის უნდა მოვემზადოთ. თუმცა, როგორც წესი, ეს არის ჩვენი აქილევსის ქუსლი. მოთმინება არ გვყოფნის და გვიჭირს ძალის გამოზოგვა. ჩვენ სპორტის მრავალ სახეობაში მიგვიღწევია დიდი წარმატებებისთვის, მაგრამ წარმატებული ქართველი მარათონელი ნამდვილად არ მახსენდება. თუმცა, გვყავდა დიდი მოჭადრაკები. ჩვენ დიდი მოჭადრაკეების ქვეყანა ვართ და მჯერა, რომ ჩვენს პოლიტიკაში საჭირო კორექტივების შეტანას მოვახერხებთ. მთავარია, ამ ვითარებაში პური მეპურემ გამოაცხოს, უფრო მეტად საერთო გამარჯვებაზე ვიფიქროთ, ვიდრე იმაზე, ვის თავზე გაიბრწყინებს მერე გმირის შარავანდედი.

კობა ბენდელიანი

"ინტერპრესნიუსი "

www.interpressnews.ge

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form